Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლია: ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში


„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. დღეს მეგონა მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა, მედიას რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა, იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც ჩაეწყნარებინათ მღელვარება.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს - ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

XS
SM
MD
LG