Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ


პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ. ამის შესახებ ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება.

პარლამენტის შესასვლელთან დგანან პარლამენტის დეპუტატებიც, მათ შორის "ლელოდან" ანა ნაცვლიშილი. ადგილზე ისმის შეძახილები "მონებო".

"საშვები იყო დაშვებული, კითხვების დასმა გვინდოდა მე, ნიკა გვარამიას და ვახო სანაიას. კითხვას დავსვამდით და გამოვიდოდით. რას ვიზამდით, რას დავაშავებდით? არც ის დეპუტატები არ შეუშვეს, ვინც ჩვენზე საშვები დაუშვეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას "მთავარი არხის" წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

რამდენიმე წუთით პარლამენტის კარი ძალის გამოყენებით გახსნეს და რამდენიმე ადამიანმა შესვლა შეძლო. პოლიცია ცდილობს, შესასვლელთან მყოფი ხალხი შიგნით არ შეუშვას.

მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს.

XS
SM
MD
LG