"ის ვინც ჟურნალისტზე აწევს ხელს, ჩემი შვილიც რო იყოს, უნდა დაისაჯოს... ის, ვინც შექმნის ორგანიზებულ ჯგუფს, რომ ადამიანს მიაყენოს ტკივილი, უნდა დაისაჯოს... მე ამ ხნის ქალი ვარ და ასეთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ ჟურნალისტი გაილახოს... ჩემი თხოვნაა, იყოთ ობიექტური და სამართლიანი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ....
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დღიური მუშა, მუშაობს რომ თავისი შვილი გამოკვებოს... როდესაც მას უყენებთ ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიც არის ჯგუფური ძალადობა და ჟურნალისტებზე ძალადობა და ხელის შეშლა, ამას ჯობს კაცს ტყვია ესროლო და მოკლა, თუ ის მართალია" - თქვა დღეს გამართულ სასამართლოზე მედიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ნასყიდაშვილის ადვოკატმა. ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცდილობდნენ სასამართლოსთვის დაემტკიცებინათ, რომ გიორგი ნასყიდაშვილი არც ძალადობრივი ჯგუფების წევრი და არც მათი მხარდამჭერი არ არის - ბრალდებულის მტკიცებით ის რუსთაველზე 5 ივლისს მხოლოდ გავლით იყო და იმის გამო შეყოვნდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. აქციებში მონაწილეობა და ვინმეზე თავდასხმა მისი მიზანი და იქ ყოფნის საფუძველი არ ყოფილა.
"ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ჩემ გარშემო მთავრობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ჟურნალისტები 24 საათის განმავლობაში, როგორც სამართალდამცავები, ისე მორიგეობენ ჩემი სახლის წინ. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ ოდესმე, თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიმეყენებინოს ვინმესთვის. ყოველდღიურად ფეხით გადავაადგილდები, საკუთარი ავტომანქანა არ მყავს, მთელ ქალაქს ფეხით ვუვლი და ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ რამე დამირღვევია.
5 რიცხვში რა მაისურიც მეცვა, სამართალდამცავებს ჩემი ხელით მივეცი, ვინმემ დამიმტკიცოს რამე ჯგუფში ან ერთ მიტინგზე მაინც თუ ვჩანვარ, ამ ბრალდებას მთლიანად ავიღებ. თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვგრძნობ, მოძალადე ადამიანი მე არ გახლავართ, გამოძიებას არ მივემალები, 5 წლის შვილი მყავს, შვილს მივემალო? მეუღლე 300 ლარზე მუშაობს. 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, 5 წლის ბავშვს ვინ გამიზრდის? დედა მე არ მყავს! წარმოგიდგენიათ რომ სადმე გავიქცევი?
კანონით ხომ მართალი ვარ და ღმერთთანაც მართალი ვარ! მე ჩემ საქმეზე მივდიოდი, კამერები ამოიღეთ, ტრანსპორტი არ იყო, ავტობუსი რომ ყოფილიყო, ასეთ გაუგებრობაში არ აღმოვჩნდებოდი. 5 წუთიანი გავლა მქონდა რუსთაველზე, იქ სხვა კავშირი არ მქონია. მერე გორგიაში წავედი, იქ ძირი იყო და ვერ ვიყიდე, მერე ელიავაზე წავედი, მაკდონალდსში ყავა დავლიე", - ასე მოყვა თავად ნასყიდაშვილი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ.
გიორგი ნასყიდაშვილის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილას გაავრცელა ინფორმაცია. ის მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სხვა 4 პირთან ერთად დააკავა. დაკავებულთა შორის არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი კახიანი.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ოთხივე ბრალდებულის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 2 სექტემბერს დაინიშნა.