Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რეალურად დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეები


საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, რეალურად დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება. ნინო ლომჯარიამ დღეს, 1 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიერ 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის და მისი მონაწილეებისადმი მუქრის გამო.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას რისკების პრევენციითა და დაცვის შესაბამისი ზომების მიღებით. ნინო ლომჯარიას თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები.

„წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია“, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი, თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება:

„ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით და გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები.

XS
SM
MD
LG