Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში დაიწყო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები


შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021, რომლის ორგანიზატორები არიან აშშ-ის მეექვსე ფლოტი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები. წვრთნაში, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე არასდროს ჰყოლია.

სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

წვრთნებში მონაწილეობისთვის ოდესის პორტში შევიდა ამერიკული სარაკეტო გემი „როსი“.

სამხედრო წვრთნები წარიმართება სხვადასხვა, მათ შორის, სადესანტო გემების შეჯახების, ხმელეთზე მანევრების, წყალქვეშა ოპერაციების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სცენარით. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს მეორე, მუდმივი საზღვაო ჯგუფი. მანევრები 23 ივლისამდე გაგრძელდება.

წვრთნების დაწყებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ Sea Breeze-ის „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.

XS
SM
MD
LG