Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე იმუქრება, რომ ჩაშლის ღირსების მარშს


ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე ხელისუფლებისთვის მიცემული 10-დღიანი ვადის ამოწურვის შესახებ საუბრობს და 5 ივლისს დანიშნული ლგბტქ ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრება.

„რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გააკეთეს განცხადება, რომ აუქმებენ ამ ღონისძიებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას გეძახით და გეპატიჟებით, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე პირადად დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ლევან ვასაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული ღონისძიების გაუქმებისკენ ორი კვირის წინ მოუწოდა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია. ყველას გთხოვთ დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ გაიყვანოთ პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვნებს მინდა ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში. არანაირი ჯამაგირი არ გიღირთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უსამართლო ბრძანებას მოგცემენ, ნუ შეასრულებთ მას და გაიწიეთ გვერდზე, რადგან ეს არ არის თქვენი საქმე. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ. იმიტომ, რომ ძალიან ღრმა, კომპლექსური კვლევები მიტარდება თავისი რაღაც ჩარევებით და სხვადასხვა ტიპის ანალიზებით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ. ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი, ტრადიცია და ჩვენი ქვეყანა. ძალიან ვწუხვარ, ასე მოხდა, რომ სტამბოლიდან მიწევს ამ მიმართვის გაკეთება. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ მოვასწრო თბილისში დაბრუნება“, - თქვა ლევან ვასაძემ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება: მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

XS
SM
MD
LG