Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიოტთა ალიანსი ეკლესიებში ხელმოწერებს აგროვებს სახალხო დამცველისა და NGO-ების წინააღმდეგ


კახეთის რამდენიმე ეკლესიაში შესული მოქალაქეები ხელს აწერენ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში ისინი უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მეორე დოკუმენტზე ხელმოწერით კი ნდობას გამოუხატავენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

დოკუმენტები, რომლებიც გურჯაანისა და ლაგოდეხის რამდენიმე ეკლესიაში მესანთლის მაგიდაზე დევს, რადიო თავისუფლებამ გადაიღო. მასში გამოკითხვის ორგანიზატორად მითითებულია პარტია „პატრიოტთა ალიანსი“.

„ჩვენ დოკუმენტზე ხელისმომწერნი, არ ვენდობით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: თავისუფლების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი, ღია საზოგადოების ფონდი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, კავშირი „საფარი", კოალიცია თანასწორობისთვის, ლგბტ საქართველო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, თბილისი პრაიდი, იდენტობა“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ეკლესიაში შესული მოქალაქეები ხელს აწერენ.

ასევე ეკლესიაში შესული ადამიანები ხელს აწერენ მეორე დოკუმენტზე, სადაც მოქალაქეები ნდობას უცხადებენ ეკლესიას.

„ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საპატრიარქოს გამგებლობაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს“, - წერია მეორე დოკუმენტში.

რადიო თავისუფლება ვითარების გასარკვევად დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. მან გვიპასუხა, რომ ამ თემაზე არ აქვს ინფორმაცია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, დოკუმენტებზე ხელი მოაწერინეს საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებსაც, მათ შორის, ლაგოდეხის მუსიკალური სკოლის თანამშრომლებს. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს პედაგოგი ლალი ევტუშენკო.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია მათი სახელით კახეთში რა სახის დოკუმენტებზე აწერინებენ ხელს: „მე არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, გავარკვევ და ხვალ გეტყვით. ისე ჩვენ აქცია გაქვს დაგეგმილი 4 ივლისს, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ეკლესის დასაცავად გამოვდივართ“.

რადიო თავისუფლება ცდილობს„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივან ირმა ინაშვილთან დაკავშირებას.

XS
SM
MD
LG