საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.
"გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე, 00:00 საათიდან რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოში კომენდანტის საათი 6 თვეზე მეტია მოქმედებს. მოქალაქეებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ. წესის დარღვევისთვის 2000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.