Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია: 2020 წლის არჩევნები იყო ხარვეზიანი, მაგრამ არა - გაყალბებული


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მეტად ხარვეზიანი იყო, თუმცა არ გაყალბებულა. ამის შესახებ მან დროებით საპარლამენტო კომისიასთან საუბრის დროს განაცხადა.

"არაფერი ამ არჩევნებზე განსხვავებული არ ყოფილა, რაც არ იყო 2016 წელს. თუმცა მასშტაბები და სირთულე და პოლიტიკური დაძაბულობა იყო გაცილებით მეტი. ამ შემთხვევაში, მათ შორის, ხარვეზები იყო იმ მიზეზებიდან გამომდინარე - პოლიტიკური გარემო, სერიოზული ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციებზე; მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გაუძლეს პოლიტიკურ წნეხს - ამ პირობებში იყო მუშაობა ურთულესი. ეს იყო ნამდვილად გამორჩეული და პოლიტიკური ფონი და სიმძიმე ახლდა ამ არჩევნებს, ეს იყო ასევე პანდემია და ეს იყო უფრო მეტი ადმინისტრაციული სირთულეები, როგორიც არის პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა და კოვიდთან დაკავშირებული სხვა სირთულეები. ამიტომ შემიძლია გითხრათ, ეს არჩევნები განსხვავებული სიცუდის, სიკარგის თვალსაზრისით, რასაც ჰქვია საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ნაწილში, იყო უფრო მეტად ხარვეზიანი, რომელიც ადამიანურ ხარვეზებს უკავშირდება, მაგრამ ის არცერთ შემთხვევაში არ იყო გაყალბებული", - თქვა თამარ ჟვანიამ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.

XS
SM
MD
LG