Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფატალური რეალობა?


სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა სამხედრო კონფლიქტი როგორც ისრაელსა და ჰამასს შორის, ისე დაპირისპირება თვით ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. რამდენად არის ებრაულ-არაბული კონფლიქტი ფატალური, გარდაუვალი რეალობა?

ერთი ებრაული ანეკდოტის მიხედვით, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალჟირიდან საფრანგეთში გაქცეული სეფარდი ებრაელები დასახლდებიან აშკენაზი ებრაელების უბანში. ერთი-ორი კვირა მათთან ურთიერთობის შემდეგ, სეფარდები ეჭვს შეიტანენ აშკენაზების ჭეშმარიტ ებრაელობაში - ისინი ხომ არც არაბულად საუბრობდნენ და არც კუსკუსს ჭამდნენ... ეს ანეკდოტი მრავლისმთქმელია ებრაელებისა და არაბების ათასწლოვან მეტ-ნაკლებად ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე.

მუჰამედის დროიდან მოყოლებული, მე-18 საუკუნამდე ებრაელებისა და არაბების მეტ-ნაკლებად ხმაშეწყობილი თანაარსებობა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში რეალობა იყო. ბაღდადიდან დაწყებული და ტოლედოთი დამთავრებული, ისლამი ებრაელებისათვის კანონებს წერდა და აუქმებდა. და ისლამის ეს კანონები ტოლერანტული იყო ებრაული თემების მიმართ. მიუხედავად dhimmi-ით მიჩენილი ებრაელების დამამცირებელი სტატუსისა, არაბები (ქრისტიანული ევროპისგან განსხვავებით), ებრაელებს არ დევნიდნენ.

ანდალუზიის ოქროს ხანაში ებრაულ-არაბული თანაცხოვრების ყველაზე კარგი განსახიერება იქნებიან თვით ამ ოქროს ხანის შემქმნელი მაიმონიდი და არაბების კარზე მსახური ბევრი სხვა ებრაელი ფილოსოფოსი თუ ექიმი.

რეკონკისტას შემდეგ იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევებული ებრაელებისა და მუსლიმების თემი მიაშურებს ჩრდილო აფრიკას, სადაც მათ შორის ურთიერთობა გამწვავდება... და მიუხედავად ამისა, ებრაელები და არაბები გააგრძელებენ თანაცხოვრებას თუ არა, პარალელურად ცხოვრებას მაინც.

მე-18 საუკუნეში, ებრაელებსა და არაბებს შორის პირველ ჭეშმარიტ უფსკრულს გამოიწვევს ჩრდილო აფრიკაში შეღწეული ვესტერნიზაციის „ვირუსი“. მე-19 საუკუნეში ევროპის მიერ ამ ტეროტორიების კოლონიზაცია მხოლოდ დააჩქარებს როგორც ჩრდილო აფრიკის ვესტერნიზაციას, ისე ამ უფსკრულის გაღრმავებას. ამ კონფლიქტში საბოლოო სიტყვას ეთნო-რელიგიური შუღლი იტყვის.

ამგვარად, ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნებამდე ბევრად ადრე, ებრაელების მიერ მუსლიმების ტერიტორიების დატოვება გარდაუვალი გახდება.

ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზში თანაცხოვრების რეკვიემს უკვე არაბულ-ებრაული ომების ლოგიკა შეასრულებს: 1948-49 წლებში ებრაელები გამოძევებულ იქნებიან იემენიდან, ერაყიდან, სირიიდან თუ ლიბიიდან. მარტო აღმოსავლეთ იერუსალიმში (რომელიც იორდანიის მიერ იქნება დაკავებული), 30-ზე მეტი სინაგოგა იქნება გადამწვარი 1948 წელს. ეგვიპტეში კი განადგურებულ იქნება კაიროსა და ალექსანდრიის უძველესი სინაგოგები. 1954 წელს ეგვიპტეში ძალაუფლებაში ნასერის მოსვლის შემდეგ ებრაელებს ტერორის ახალი ტალღა დაატყდება თავს. 1950-60-იან წლებში მაროკოს, ტუნისისა და ალჟირის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად 250 000 ებრაელი იძულებული იქნება დაეტოვებინა ჩრდილო აფრიკის ქვეყნები.

არაბული ტერიტორიებიდან განდევნილი ებრაელები კი საკუთარი ბედის განმგებლები საბოლოოდ გახდებიან ისრაელის ტერიტორიაზე, მაგრამ აქ უკვე სახელმწიფოს მაძიებელი პალესტინელი არაბები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან მათ.

მსოფლიო გეოპოლიტიკური ვნებების კონცენტრირება ამ ერთ ბეწო მიწაზე ძალადობას ახალ, რელიგიურ, ფაზაში გადაიყვანს. ნაწილობრივ ეს ებრაელების შეცდომით იქნება განპირობებული, რომლებიც ცივი ომის ფონზე „სოციალისტური ფერებით შეღებილი“ იასირ არაფატის დასუსტებას მუსლიმთა საძმოთი შეეცდებიან. იმ მუსლიმთა საძმოთი, რომლის მიერ გამოჩეკილი ჰამასი და ისლამური ჯიჰადი 1993 წელს ტერორიზმის არნახულ ტალღას წამოიწყებენ ისრაელის ტერიტორიაზე.

თუმცა რელიგიური ფაზა არ იქნება ამ კონფლიქტის უკანასკნელი საფეხური. ებრაელი რადიკალები მას ახალ, რასისტულ (რამდენადაც პარადოქსულად შეიძლება მოეჩვენოს ეს მკითხველს) საფეხურზე გადაიყვანენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯერ რაბინ მეირ კაჰანე, შემდეგ კი მისი სულიერი შვილი ითამარ ბენ-გვირი, ებრაული რასის (sic!) უპირატესობის თეორიების გავრცელებას დაიწყებენ ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) ტრიბუნიდან. მეირ კაჰანედან ითამარ ბენ-გვირამდე გზის გადალახვისას თვით ისრაელის მთელი საზოგადოების ტრანსფორმაციაც მოხდება: 35 წლის წინ თუ პარლამენტარ მეირ კაჰანეს მიერ სიტყვის წარმოთქმისას პროტესტის ნიშნად უკლებლივ ყველა ებრაელი დეპუტატი ტოვებდა დარბაზს, დღეს ითამარ ბენ-გვირის ქნესეთში არჩევის კამპანიაში თვით ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ჩართული.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება, ეს შუღლი, ეს ზიზღი, ეს ომი, ამ ათასწლიან მეზობლებს შორის?

ამ შეკითხვაზე პასუხს ყველაზე კარგად ალბათ ჯუზეპე დი ლამპედუზას რომან „ლეოპარდის“ (მკითხველს შევახსენებ ამ რომანის მიხედვით ლუკინო ვისკონტის მიერ გადაღებულ ფილმს), მთავარი პერსონაჟი გასცემს პასუხს : «ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს უსასრულოდ ასე გაგრძელდება. ჰო, უსასრულოდ, ოღონდ ადამიანურად უსასრულოდ, ანუ ერთი-ორი საუკუნე... ».

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG