Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიცია „ღირსების მარშზე“ გამოხატვის უფლებას დაიცავს კანონის ჩარჩოში


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება.

„რაც შეეხება "თბილისი პრაიდს", UNDP-ის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას და სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც აღნიშნული ღონისძიების - "ღირსების მარშის" გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მათი მხრიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე ტიპის მოდიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, კანონის ფარგლებში, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

17 ივნისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა.

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.

ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და მის პოზიციას სამარცხვინო უწოდა.

მისი სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ეფექტიანად მუშაობდნენ სიძულვილის ჯგუფების განეიტრალებაზე, აკეთებდნენ მკაცრ განცხადებებს და გმობდნენ ძალადობას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას.

XS
SM
MD
LG