Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ - ძველი ჩვევების ტყვეობაში


ბაიდენ-პუტინის სამიტი ამ კვირაში მედიის სათაურებს რომ ააჭრელებდა,მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ასეც მოხდა იმისდა მიუხედავად, რომ ჟენევის შეხვედრამ თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჟურნალისტები სხვამ ვერაფერმა გაახურა. ვერც იქამდე ორი დღით ადრე გამართულმა ნატოს დუნე სამიტმა, სადაც სამხედრო ალიანსი თავის მოსალოდნელ წარსულს დაუბრუნდა, ვერც ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ Airbus/Boeing-ის ხანგრძლივი დავის გადაჭრამ და ვერც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურთა ძალისხმევამ, გაასუფთაონ ფურცელი, რომლიდანაც რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას ხელახლა ცდილობენ.

ეს კრემლს ძალიანაც ხელს აძლევს. საბოლო ჯამში, მოსკოვს ხომ ის ურჩევნია დასავლეთის ქვეყნებს სათითაოდ გაუმკლავდეს და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პასუხი მულტინაციონალური ინსტიტუციების, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან. მისთვის გაცილებით უფრო მოსახერხებელია ითამაშოს იმ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელიც ორივე ინსტიტუციის შიგნით არსებობს.

იმის მიხედვით, თუ როგორი იყო ამ კვირაში ბრიუსელელი დიპლომატების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ნათელია, რომ რუსეთმა უკვე მიაღწია წარმატებას და უახლოეს მომავალში ამას ვერაფერი შეცვლის. მნიშვნელოვანი ამბები კი სწორედ ბაიდენ-პუტინის მსგავს სამიტებზე მოხდება.

ნატოს ბრიუსელის კომუნიკეს 79-ე პარაგრაფში რუსეთი რამდენჯერმეა ნახსენები, მაგრამ გარდა აღშფოთების გამოხატვისა, რაც უკავშირდება კრემლის მაქინაციებს ალიანსის ტერიტორიაზე და მის მიღმა, იქ მაინცდამაინც ახალი არაფერი დაწერილა. სამხედრო კლუბმა უკვე შეამცირა რუსი დიპლომატების რაოდენობა ბრიუსელის შტაბბინაში, უარი თქვა, ფაქტობრივად, ყველანაირ სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობაზე და 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. როგორც ყოველთვის, ისიც ითქვა, “სანამ რუსეთი არ გამოხატავს მზაობას იმოქმედოს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად და შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო მოვალეობები და ვალდებულებები, “ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობას” არ დავუბრუნდებითო”.

ტრადიციულად, დოკუმენტში გამეორდა კიდევ ერთი სტანდარტული ფორმულა: თავდაცვა, შეკავება და დიალოგი. აღინიშნა: “ჩვენ ვრჩებით ღია რუსეთთან პერიოდული, ფოკუსირებული და აზრიანი დიალოგისთვის, გვსურს ვიმოქმედოთ ნატო-რუსეთის საბჭოს ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები, არასწორი გათვლები, გაუთვალისწინებელი ესკალაცია და გავზარდოთ გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა”.

რუსეთმა რაც არ უნდა ქნას, მის მიმართ გაწვდილი ხელი არსად გაქრება. ეჭვგარეშეა - ეს ხელი იმის სიმბოლოა, რომ ბევრ ევროპელ მოკავშირეს, უბრალოდ, არ სურს კრემლი კიდევ უფრო გააბრაზოს.

ნატოს მსგავსად, ევროკავშირიც ცდილობდა გაემეორებინა ძველი, უკვე ათასგზის გადამღერებული, სიმღერა რუსეთზე. ამ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და მთავრობები მომავალ კვირაში იმსჯელებენ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) წარმოადგინა ახალი სლოგანი: “უკან დახიე, შეზღუდე, ჩაერთე”.

მარამ ეს მოხდება რუსეთთან დაკავშირებული იმ ხუთი პრინციპის ფარგლებში, რომლებზეც ბლოკი უკვე შეთანხმდა: მინსკის შეთანხმებების სრული შესრულება, ბლოკსა და რუსეთს შორის არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერება, ენერგეტიკის სფეროსა და ბლოკის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, არჩევითი ჩართვა საერთო ინტრესის სხვადასხვა სფეროში და, ბოლოს, დიდი წნეხის ქვეშ მყოფი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. სხვაგვარად რომ გითხრათ, ეს სუფრა ძალიან მრავალფეროვანია და, სრულიად ევროპის გემოვნების გათვალისწინებით, გთავაზობთ როგორც ტკბილ, ისე მწარე კერძებსაც.

რამდენიმე ქვეყნის დიპლომატმა მალევე დაიწუნა დოკუმენტი. მათ აღნიშნეს, ის სავსეა ზოგადი მოცემულობებით და ახალს ცოტას თუ ამბობსო. ისინი მართლები არიან, მაგრამ, ამასთანავე, მათ იციან, რომ, ნატოსი არ იყოს, საქმე როცა რუსეთს ეხება, ევროკავშირიც გაჭედილია. უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკვე დაწესებულია სხვადასხვა სანქციები და მათი რიცხვი რუტინულად იზრდება. პერიოდულად, კრემლი მორიგ ამბავს რომ “გააჩალიჩებს” ხოლმე, იქნება ეს სოლსბერი, ნავალნი თუ კიბერთავდასხმა ბუნდესტაგზე, სანქცირებულთა სიას ახალი სახელები ემატება, რაც ხშირად წმინდა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები ევროკავშირს სანქციების მხრივ დიდ გასაქანს არ აძლევს. ანგარიში ამას, ფაქტობრივად, თავიდანვე გაუწყებთ: “რუსეთი ევროკავშირის უდიდესი მეზობელია, ის რჩება ანგარიშგასაწევ ძალად როგორც ევროპაში, ისე გლობალურადაც. ეს დიდწილად დაფუძნებულია მის ზომაზე, გეოგრაფიულ მოცულობაზე, მის მზაობაზე ზეგავლენა მოახდინოს საერთაშორისო ამბებზე და, ასევე, მის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და მძლავრ სამხედრო შესაძლებლობაზე”.

რაღა გასაკვირია, რომ მილსადენ “აღმოსავლეთ ნაკად 2-ის” შეჩერებაზე საუბარი საერთოდ არაა, ან რომ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება დამალულია პომპეზური და ორაზროვანი წინადადების მიღმა: “ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ბრძოლას კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც მოიცავს რუსეთიდან წამოსული ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობის ზრდას”.

შესაძლოა, დოკუმენტი ძალიანაც მართალი იყოს იმაში, რომ “რუსეთთან ურთიერთობების გაცივება ამ დროისთვის ყველაზე რეალისტური და მოსალოდნელი სცენარია”. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც. ეს ძალიანაც ხელს აძლევს პუტინს და, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიზეზით, კიდევ რამდენიმე ქვეყანას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG