Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი ჯო ბაიდენს ხვდება


2021 - კორნუოლში დიდი შვიდეულის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ბრიუსელში მიემგზავრება.

14 ივნისის ნატოს სამიტზე და მის მომდევნო ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტზე განსაკუთრებული დრამა და ცალსახა გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. ამ შეხვედრების ამოცანაა ნორმალური ვითარების დაბრუნების ჩვენება და ტრანსატლანტიკური კავშირების განახლება, თუმცა, შესაძლოა, ღიმილიანი მისალმებების მიღმა მიმალულმა დაძაბულობამაც წამოყოს თავი.

ნატოს სამიტი მოკლე იქნება. ერთი დიდი სესიაა, რომელი, წესით, 3 საათს გაგრძელდება. მას მხოლოდ ნატოს 30 წევრი დაესწრება. პარტნიორი ქვეყნები, ვთქვათ, საქართველო და უკრაინა, წარმოდგენილნი არ იქნებიან. ერთგვარი „ჯო ბაიდენის გასაცნობი შეხვედრაა“, მსგავსი 2017 წლის მინი-სამიტისა, როდესაც ახალარჩეული დონალდ ტრამპი ნატოს შტაბში პირველად ჩავიდა. ამჯერად ნატოს მაღალჩინოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ შეხვედრა მოულოდნელობების გარეშე ჩაივლის და ურთიერთბრალდებებს ადგილი არ ექნება, თუმცა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, შესაძლოა, საინტერესო იყოს - მაგალითად, ბაიდენის პოტენციური შეხვედრა თურქეთის ლიდერ რეჯებ ტაიპ ერდოანთან, რომლის ქმედებების გათვლა სულ უფრო და უფრო რთულდება.

ქვეყნების ლიდერები ხელს მოაწერენ სამიტის კომუნიკეს, რომელიც სამხედრო ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის განახლებას ისახავს მიზნად. ავღანეთის მისია დასასრულს უახლოვდება და ალიანსმა მომდევნო ათი წლის გეგმა უნდა გაწეროს.

შესაბამისად, მოსალოდნელია მიმდინარე საკითხების დაბრუნება. იქნება მოწოდებები ბლოკის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისკენ, მაგრამ ამას დაემატება კოსმოსური და კიბერუსაფრთხოების საკითხებიც. დროსთან შესაბამისად, გაძლიერებული ფოკუსი იქნება კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

შეხვედრაზე, როგორც ყოველთვის, ყველაზე რთული საკითხი ფულთან იქნება დაკავშირებული. წლის დასაწყისში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ მოკავშირეებმა მეტი თანხა პირდაპირ განათავსონ არსებულ მცირე საერთო ბიუჯეტებში, რათა მოკავშირეთა ტერიტორიებზე ოპერაციები კოლექტიურად დაფინანსდეს. ამჟამად მთლიანად მოკავშირეების გადასახდელია, მაგალითად, ჯარისკაცებისა და ტანკების გაგზავნა პოლონეთსა ან ლიტვაში.

გერმანია მიესალმება ფინანსური ტვირთის მსგავს გადანაწილებას, საფრანგეთს კი სკეპტიკური პოზიცია უჭირავს, რადგან ეს გეგმები არ წაადგება მის სამხედრო პრიორიტეტებს და საფრთხეს უქმნის მის მოწოდებებს ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ მხარეები რაიმე ტიპის კომპრომისს მიაღწევენ „სამომავლო ერთობლივ დაფინანსებასთან“ დაკავშირებით.

თუმცა მთავარი დიდი საფრთხე, როგორც ჩანს, ჩინეთია და აქ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროპელი მოკავშირეებისთვის პოზიციის არჩევის მოთხოვნაში - შესაძლოა, არა დაუყოვნებლივ, მაგრამ მალე. მაგალითად, ნატო პეკინს „მტრად“ ან „მეტოქედ“ არ მოიხსენიებს, რადგან ეს ქვეყანა უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა კლიმატისა და ვაჭრობის საკითხებში, მაგრამ ლიდერები განაცხადებენ, რომ იზრდება განსხვავებები დასავლურ ღირებულებებსა და ჩინეთის რეჟიმის პოზიციას შორის.

მაშინაც კი, როდესაც ჩინეთს პირდაპირ არ ახსენებენ, მისი კვალი მაინც დაეტყობა ნატოს პრიორიტეტებს - იქნება ეს აუცილებელი ინფრასტრუქტურის დაცვა, კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერება, ტრანსატლანტიკური ინოვაციების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების განსაზღვრა თუ თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და სამხრეთი კორეა.

ძველი მტრის, რუსეთის, საქმე როგორაა? ნატოს სამიტზე ამ კუთხით ახალს არაფერს ელიან - ალიანსი შეინარჩუნებს ძველ მიდგომას, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, თავდაცვას და შეკავებას და, მეორე მხრივ, დიალოგის საჭიროებას. ასე რომ, გამორიცხული არ არის ზაფხულში ნატო-რუსეთის საბჭოს ჩატარება გადაწყდეს. მანამდე კი ყველა დააკვირდება ჟენევაში ბაიდენის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ბრიუსელის ვიზიტს მალევე მოჰყვება.

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, ალიანსი გაიმეორებს, რომ კარი ამ ქვეყნებისთვის ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კარში ორ ქვეყანას ახლო მომავალში არ შეუშვებენ.

ევროკავშირისა და აშშ-ის 15 ივნისის სამიტზე ბაიდენი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს. განწყობა მეგობრული და ოპტიმისტური იქნება. სამიტის განცხადებაში, რომელმაც პრესაში წინასწარ გაჟონა, ნათქვამია, რომ შეიძლება ივლისის შუა რიცხვებში მოგვარდეს „ბოინგისა“ და „ეარბასის“ უთანხმოება, რომელიც, უკვე წლებია, აფუჭებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. მსგავსი შეთანხმებაა მოსალოდნელი წლის ბოლოსთვის ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებითაც.

რაც შეეხება კრემლს, განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი კოორდინირებულ პოლიტიკას აწარმოებენ და დაიწყებენ დიალოგს მაღალ დონეზე რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა, ნატოს მსგავსად, მთავარი პრობლემა აქაც ჩინეთი იქნება. ევროკავშირისა და აშშ-ის ვაჭრობისა და ტექნოლოგიის საბჭოს დაარსება სწორედ ჩინეთის წინსვლის პასუხად მოიაზრება. საბჭო შეეცდება დააახლოვოს ევროპისა და ამერიკის ძირითადი პოზიციები ტექნოლოგიებთან, ციფრულ საკითხებთან, მიწოდების ჯაჭვსა და გლობალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რეგულაციების პოლიტიკისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის განსაზღვრა იქნება.

თუმცა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკისა და ევროკავშირის მიდგომა ჩინეთის საკითხისადმი მოიცავს „თანამშრომლობის, კონკურენციისა და სისტემური მეტოქეობის ელემენტებს“. ეს კი აჩენს კითხვებს, თუ რამდენ ხანს გაძლებს ერთიანი ფრონტი, რომელსაც ბრიუსელში მომავალ კვირას წარადგენენ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG