საქართველოს საპატრიარქოში დასრულდა შეხვედრა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
„დღევანდელი შეხვედრა საპატრიარქოს ინიციატივით შედგა. ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად, პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია.
მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი გადაცდომის, რომელიც შესაძლოა, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. პანსიონის დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ წარმომადგენელი, მაია მგელიაშვილიც, რომლის განცხადებით, ის რამდენიმე დღე მუშაობდა პანსიონატში და შეხვედრის მონაწილეებს პანსიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩემი აზრით, ყველა დიდი დაწესებულება უნდა დაიხუროს და მოექცეს ბავშვზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებში. ამაზე არა მარტო დღეს, არამედ წლებია ვსაუბრობ. ეს ეხება არა მარტო ნინოწმინდას, არამედ დიდი ზომის პანსიონატებს“, - განაცხადა მგელიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ის, რომ დაცული იყოს პანსიონში მცხოვრები და იქიდან უკვე გასული ბავშვების უფლებები. ჰარცელის თქმით, ასევე ისაუბრეს ზოგადად, მსგავსი ტიპის დაწესებულებების განვითარების შემდგომ სტრატეგიაზე და, მისი სიტყვებით, ეს იყო კარგი დასაწყისი პროცესის წინსვლისთვის.