Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე გაგიყვანოთ


ნიკა მელია
ნიკა მელია

ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. ის საკუთარ მიზნად ახალი პარლამენტის არჩევას ასახელებს.

„მე შემოვედი ამ დარბაზში დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი“, - მიმართა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

როგორც დეპუტატი ამბობს, მას ტრიბუნამდე მისასვლელად მოუწია ემოციური დისკომფორტის დაძლევა.

„ეს, რომ სხვაგვარად იყოს, ალბათ გასაკვირი იქნებოდა. ვინაიდან ამ დარბაზში მყოფთა ძალიან დიდმა ჯგუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმაში“, - თქვა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოქმედი პარლამენტი არ ასახავს ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებს.

პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებაზე პარტიაში გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ მოაწერს „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტზე.

XS
SM
MD
LG