Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯორჯიან მანგანეზს“ სამხარაულის ბიუროსთვის შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, თანხმობის მიუხედავად, ჯერ არ მიუმართავს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის განცხადებით, განისაზღვროს რა ზიანი მიადგათ შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელებს მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად. როგორც რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელმწიფო მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, ამის მიზეზია მხარეებს შორის შეუთანხმებლობა იმის შესახებ, რა კითხვით უნდა მიმართონ სამხარაულის ბიუროს.

„ჩვენ გავიგეთ ერთი, რაც ეწერათ იქ, სადაც აპროტრესტებენ იმ ადგილას, რომ ითხოვენ ზარალის შეფასებას. ეს არის მარტივი კითხვა და შეგვიძლია მივმართოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებების პროცესში შიმშილობის აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამხარაულის ბიუროსადმი მიმართვის მოთხოვნების შესახებ ამ ეტაპზე შეცვლილია:

„ჩვენ გავაგზავნეთ (მოშიმშილეებთან) ეს პირობები ზიანის ანაზღაურებაზე, ანუ რა მოთხოვნა უნდა დავუყენოთ სამხარაულის ბიუროს, თუმცა იქიდან სხვა პირობები მივიღეთ საერთოდ. ჯერ ვერ შევთანხმდით საერთოდ, რა კითხვით უნდა მივმართოთ სამხარაულის ბიუროს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამხარაულის ბიუროს მოშიმშილეებთან შეუთანხმებლად ცალმხრივად მიმართოს:

„არ არის გამორიცხული, რომ მივმართოთ სამხარაულის ბიუროს მათთან შეუთანხმებლად ეხლა იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ, რა უნდათ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომლის თქმითაც, ძალაში რჩება ასევე კომპანიის შეთავაზება ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ქონების ჩანაცვლების მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს ქონება, საკუთრება პირად სარგებლობაში რჩებათ.

რადიო თავისუფლებასთან, თავის მხრივ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის დასასმელი კითხვის ფორმულირებაზე განმარტება გააკეთა შიმშილობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯანო ლაბაძემ. მისი თქმით, მოშიმშილეების მოთხოვნაა ექსპერტიზის ბიუროს დაესვას კითხვა იმის შესახებ, რა დაჯდება იმავე სარგებლობისა და სიკეთის ქონების აღდგენითი ღირებულება, ანუ ქონებაზე მიყენებულ ზიანთან ერთად, უნდა შეფასდეს განსახლების საჭიროებებიც.

ჯანო ლაბაძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის ცალმხრივად მიმართვას აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპეტენტურ აუდიტს ლეგიტიმაცია ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს იმ მიზნისთვის, რაც ამ შემთხვევაში ზიანის ჩანაცვლებითი ღირებულებით გამოთვლას გულისხმობს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი სამ თვეზე მეტია აპროტესტებს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანს და დაბზარული სახლებისა და დაზიანებული გარემოს კომპენსაციის სამართლიანად განსაზღვრას ითხოვენ. სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები, მეოთხე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სხედან. მადნის მოპოვებით დაზარალებულთა პროტესტმა თბილისში 30 მაისს გადმოინაცვლა. ისინი 23-ე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანია მზადაა დააკმაყოფილოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რაც შუქრუთში საქმიანობით გამოწვეული ზარალის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებას ითვალისწინებს. კომპანია აცხადებს, რომ მზადაა კომპენსაცია სამხარაულის ბიუროს შეფასების საფუძველზე გასცეს.

XS
SM
MD
LG