სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გირჩის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვების უფლებებსა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე გაკეთებული განცხადებების გამო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა, რომ "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის" საფუძველზე მისი განცხადებები განიხილონ. პარლამენტის ეთიკის საბჭოს ვახტანგ მეგრელიშვილის ბავშვთა საკითხებზე გაკეთებული განცხადებების გამო რეაგირებას სთხოვს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის."
ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "ჩათის ანონსში ამბობს, რომ "თუ თემში ბავშვების ტაკოზე მიტყეპა მისაღებია, ეს ჩემი საქმე არ არის" და რომ "ბავშვებს უფლებები საერთოდ არ აქვთ".
"ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მსგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას.
ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე ეწინააღმდეგება "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით" პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.