Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სანქციები ზიანს მოუტანს ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან.

"ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია", - თქვა ბაიდენმა გაზსადენზე, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გაზს რუსეთიდან გერმანიაში ჩაიტანს. "საქმე ის არ არის, შემიძლია თუ არა გერმანიას ნებართვა მივცე, რაღაც გააკეთოს, ან არ გააკეთოს ... ახლა სანქციების დაწესება, ჩემი აზრით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა ჩვენს ევროპულ კავშირებთან მიმართებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ის პროექტს პირველივე ეტაპიდან ეწინააღმდეგებოდა.

გასულ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ გაზსადენის უკან მდგომი რუსული კომპანია, Nord Stream 2 AG, და მისი გერმანელი აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნინგი - რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია - დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სანქციებს იმსახურებდა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები არ გამოიყენა, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

სანქციების გამოუყენებლობას ვაშინგტონში კრიტიკა მოჰყვა როგორც რესპუბლიკელებისგან, ისე დემოკრატების ნაწილისგან.

გაზსადენი, რომლის 96 პროცენტამდე უკვე აგებულია და მთლიანად შესაძლოა სექტემბერში დასრულდეს, წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ბერლინსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. იანვარში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაიდენი ცდილობს გამოასწოროს ევროპასთან ურთიერთობა, რომელშიც მისი წინამორბედის დროს დაძაბულობა იქმნებოდა.

XS
SM
MD
LG