Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა მუზეუმიდან სამინისტროს შენობაში გატანილი ექსპონატები მუზეუმს დაუბრუნა


კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც მედიას წარუდგინა ის ნამუშევრები, რომელიც მისი თქმით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან და ეროვნული გალერეადან კულტურის სამინისტროში იყო გატანილი 2010 წელს. მინისტრმა სამინისტროს შენობაში მოძიებული ნამუშევრები მუზეუმს და გალერეას დაუბრუნდა და თქვა, რომ გრძელდება მუშაობა სხვა გაუჩინარებული ნამუშევრების მოსაძებნად, რომელთა ნაწილი შესაძლოა ქვეყნის გარეთ იყოს გატანილი.

„2021 წლის აპრილში, როდესაც ამ შენობაში შემოვედით, დავიწყეთ იმ ექსპონატების შეგროვება, რომლებიც მუზეუმებიდან იყო გამოტანილი. არის შვიდი ექსპონატი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, დაცული უნდა იყოს სამინისტროში, მაგრამ აქ არ აღმოჩნდნენ. გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ ეს ექსპონატები დაკარგული არ არის, თუმცა ვთანხმდებით, დღეს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომ დავიწყებთ ოთხი ექსპონატის ჩეხეთიდან დაბრუნებას. როგორც აღმოჩნდა, 2010 წელს გაუტანიათ, მაშინდელ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას და როგორც კი ეს ექსპონატები დაბრუნდება, 11 წლის შემდეგ საქართველოში, რა თქმა უნდა, ადგილს დაიდებენ ფონდებში.

ასევე არის სამი ექსპონატი, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, უნდა იყოს სამინისტროში. არის ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, რომ უკვე არიან მუზეუმებში, თუმცა შევთანხმდით, რომ სამი ექსპონატის ბედი, პირველ რიგში, იქნება დოკუმენტურად გამოკვლეული. ვთანხმდებით, რომ 20 აპრილს ჩვენ მიერ დაანონსებული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში, პირველ რიგში, აღირიცხება სწორედ ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდი. ექსპონატები, რომლებიც დანაკლისში აღმოჩნდა, ესენია – ჩეხეთში 2010 წელს გატანილი ირაკლი სუთიძის ნამუშევარი „ნატურმორტი“, თენგიზ ცხოდიას – „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის – „ადრეული გაზაფხული“, მხატვარ გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. 2010 წელს სამინისტრომ ისინი გაამგზავრა ჩეხეთში. ვფიქრობთ, დავაბრუნოთ, პროცესი დაწყებულია, ვართ იმედიანად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედითი ხელშეწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო" - თქვა კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმისა და გალერეისთვის უკან დაბრუნებული ნამუშევრების სია ასე გამოიყურება:

  • „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“ – ედმონდ კალანდაძე;
  • „ნატურმორტი“ – გურამ (ხიტა) ქუთათელაძე;
  • „განდევნა“ – ლევან ლაღიძე;
  • „ფასანაური“ – ელენე ახვლედიანი;
  • „ძველი ქუთაისი“ – ელენე ახვლედიანი;
  • „პეიზაჟი“ – გურამ (ხიტა) ქუთათელაძე;
  • „ფოთოლცვენა“ – იდა ოცხელი;
  • „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“ – რადიშ თორდია;
  • „შემოდგომა“ – მიხეილ ხვიტია;
  • „ძველი სახლი“ – თენგიზ ცხონდია;
  • „დანტე“ – სერგო ქობულაძე;
  • „შოთა რუსთაველი“ – სერგო ქობულაძე.

2010 წელს, ანუ იმ დროს, როცა თეა წულუკიანი ამბობს, რომ ნამუშევრები მუზეუმისა და გალერეის საცავებიდან სამინისტროს შენობაში გადაიტანეს, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა იყო.

XS
SM
MD
LG