19 მაისს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან მეხუთე წლისთავზე მისი ოჯახი - დედა, ცოლი და ორი შვილი სტუმრებს ზუგდიდში, გიგას საფლავზე ხვდებოდნენ.
„მეხუთე წელი დამთავრდა ჩემი შვილის მკვლელობიდან და რომ გითხრათ, რამე შეიცვალა, სიტუაცია სხვანაირი გახდა, ტყუილი იქნება. არაფერი! ისევ ისე, მკვლელი თავისუფალია, თავისუფლად დასეირნობს, რასაც უნდა იმას აკეთებს. პირიქით, აფხაზური მხარისგან ძალიან დაფასებულია როგორც ქართველის მკვლელი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ. მას ასეთი ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან აქვს.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, ე.წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბრალდებულად აღიარა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი რაშიდ კანჯი-ოღლი. მას ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. სახელმწიფომ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც. გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხი მუდმივად და ისევ უშედეგოდ განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელის დასჯას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნის ღირსებისთვისაც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ამით სახელმწიფო არაკეთილმოსურნეებს დაანახებს, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები დაცულია.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. ამას წინ უძღოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთი უშედეგო მიმართვა, გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხარეებს - საქართველოს და რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვთ წერილობითი დოკუმენტაცია და სხვა მასალები და გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ორგანიზაციის იურისტ გიორგი ტაბატაძის თანახმად, გადაწყვეტილების გამოცხადების შესაძლო თარიღი ჯერჯერობით უცნობია. იურისტის თქმით, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღების დროს დაახლოებით ერთი კვირით ადრე ატყობინებენ. გიგა ოთხოზორიას ოჯახში ამბობენ, რომ მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს იმედი დარჩათ.