Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს


ოთხშაბათს ევროკავშირმა დიდი ნაბიჯი გადადგა იმ უცხოელი ტურისტებისთვის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობის გასაადვილებლად, რომლებიც სრულად არიან აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ. ამ შეთანხმებას ევროკავშირის წევრებმა მიაღწიეს კავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის წინ, რომელიც 25 მაისს გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემაა საერთოევროპული „ვაქცინაციის პასპორტის“ შემოღება და ევროკავშირში უცხოელთა შესვლის წესებზე შეთანხმება.

ასევე შემსუბუქდება კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება უსაფრთხო ქვეყნების სია. ასეთი ქვეყნებიდან ყველა ტურისტს აქვს ევროკავშირში მოგზაურობის უფლება. ჯერჯერობით ამ სიაში შვიდი ქვეყანა შედის (ევროკავშირი საქართველოს არ მიიჩნევს უსაფრთხო ქვეყნად).

ევროკავშირმა შარშან შემოიღო მკაცრი ზომები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ქრისტიან ვიგანდმა განაცხადა, ევროპული საბჭო „გააკეთებს რეკომენდაციას, რომ წევრმა ქვეყნებმა შეამსუბუქონ ამჟამად მოქმედი აკრძალვები“ იმათთვის, ვინც აცრილია. მას არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება გაიხსნას საზღვრები. ზომების შემსუბუქება ევროკავშირის წევრებმა უნდა დაამტკიცონ.

როგორც ვარაუდობენ, ტურისტულ მოგზაურობაზე შეზღუდვები მოიხსნება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიაღწევს შეთანხმებას „ვაქცინაციის პასპორტის“ ფორმატის თაობაზე. „ფრანს პრესის“ თანახმად, გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული ვაქცინები. ამჟამად ევროკავშირში ნებადართულია Pfizer-BioNtech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინები. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ჯერჯერობით ჩინეთისა და რუსეთის არცერთი ვაქცინა არ არის სერტიფიცირებული.

XS
SM
MD
LG