Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ბლინკენი არქტიკის მილიტარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიპლომატიური ტურნეს წინ, რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირველ მოლაპარაკებებს გამართავს პირისპირ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია შეიარაღების განთავსებით არქტიკაში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისთვის.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ არქტიკაში სამხედრო ხასიათის საქმიანობის გააქტიურებით... რაც ზრდის ინციდენტების ალბათობას... და ძირს უთხრის საერთო მიზანს რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის თაობაზე“, განაცხადა ბლინკენმა 18 მაისს რეიკიავიკში, სადაც ოთხშაბათს რვა ქვეყნის მონაწილეობით დაიწყებს მუშაობას არქტიკული საბჭოს შეხვედრა. „ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რეგიონის მილიტარიზაცია“, დასძინა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტურნეს დაწყებამდე განაცხადა, რომ ბლინკენი „მხარს დაუჭერს ძალისხმევას, რომ არქტიკა დარჩეს მშვიდობიანი, კონფლიქტებისგან თავისუფალი რეგიონი, სადაც არქტიკული საბჭოს წევრები თანამშრომლობენ საერთო პრიორიტეტების გარშემო, რათა დაიცვან არქტიკის მოსახლეობის კეთილდღეობა და რეაგირება მოახდინონ კლიმატური კრიზისის განუწყვეტლივ მზარდ საფრთხესა და შედეგებზე“.

ბლინკენსა და ლავროვს შორის შეხვედრა 20 მაისს შედგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის და ბლინკენი განიხილავენ „ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს“.

XS
SM
MD
LG