მოსკოვის მესვეურებმა არ გასცეს ნებართვა საჯარო გამოფენის გამართვაზე, რომლითაც უნდა აღენიშნათ რუსი უფლებადამცველის და ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის მეასე წლისთავი.
გამოფენის გამართვის იდეა მოსკოვის სახაროვის ცენტრის იყო, და ღონისძიების სათაური უნდა ყოფილიყო "ანდრეი დმიტრიევიჩ სახაროვი: შფოთი და იმედი".
გამოფენა მოსკოვის ქუჩებში უნდა გახსნილიყო, 17 მაისს - სახაროვის მეასე დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე. ექსპოზიცია მოიცავდა სახაროვის ფოტოებს, რომლებიც საბჭოთა და რუსი ფოტოგრაფების მიერ არის გადაღებული და ციტატებს მისი მემუარებიდან, წერილებიდან და გამოსვლებიდან.
მოსკოვის მთავრობის კულტურის განყოფილება 23 მარტს აცხადებდა, რომ მზად იყო ფოტოგამოფენისთვის გამოეყო სტენდები. მაგრამ სახაროვის ცენტრი ამბობს, რომ გამოფენის მოდელი, რომელიც კულტურის დეპარტამენტს გაუგზავნეს, უარყოფილ იქნა.
ორგანიზაციას არ მიუღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების ახსნით, და ის აცხადებს, რომ ელოდება ოფიციალურ ახსნა-განმარტებას.
სახაროვის ცენტრი ამბობს, რომ კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათ პირველად 30 აპრილს შეატყობინა, რომ გამოფენის შინაარსი მიუღებელი იყო.
14 მაისს კი, ცენტრის თქმით, მათ სხვა მიზეზები უთხრეს - რომ სტენდები საჭირო იყო გამოფენისთვის, რომლითაც პატივს მიაგებდნენ მოსკოვისთვის ბრძოლას, რომელიც 1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა და 1945 წლის 9 მაისს - მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებას.
"მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება - ვისაც უნდა მიეღო ის - და უარის ფორმულირება დაუსაბუთებელია და სამარცხვინო" - წერს სახაროვის ცენტრი განცხადებაში.
"ანდრეი დმიტრიევიჩ სახაროვს არ ემუქრება ისტორიის მიერ დავიწყება. მაგრამ იმ ქვეყნის მომავალი, რომელშიც ჩინოვნიკების ხელით ცდილობენ მოსახლეობისგან შორს დატოვონ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შვილის მემკვიდრეობა, შესაძლოა სევდიანი აღმოჩნდეს" - ვკითხულობთ სახაროვის ცენტრის განცხადებაში.