Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია დმანისში დაძაბულობაზე: მოვუწოდებთ შსს-ს, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან


"პირველ რიგში უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან, მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა და აღკვეთა სწრაფად. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ ისინი, როცა საქმე ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა აქციაზე შეშის შეტანის გამო აკავებდნენ ადამიანებს სწრაფად - ახლა ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ არ იძლევა შესაბამის დავალებებს", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დმანისში მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს სიმშვიდისა და ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რაც განსაკუთრებით ამ რეგიონში წლების განმავლობაში ხდებოდა", - ამბობს გიგა ბოკერია. ის თვლის, რომ მსგავს ვითარებას წარმოშობს კანონის უზენაესობის მორყევა და პოლიციის რეჟიმის სამსახურში ჩაყენება.

"როცა პოლიციის შენობის დაცვა ხდება საჭირო და იქიდან ისმის მოწოდებები პოლიციელების, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, ეს არ არის პოლიციის როლი. პოლიციის როლია ძალადობის აღკვეთა და დანაშაულის გამოძიება. შემდეგ უკვე სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ძალების როლია, იყოს თემებს შორის სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა", - თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანი ეკომიგრანტების და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

XS
SM
MD
LG