ყაზახეთის პოლიციამ საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ასსელ აიტპაევას საქმეზე ბრალდებული მურატ მეირბეკოვი ქალაქ ნურ-სულთანში დააკავა. პოლიციის ცნობით, დაკავებული, რომელიც მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, იმყოფება ქალაქ ნურ-სულთანის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
პოლიციის თანახმად, საქართველოში გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქის, ასსელ აიტპაევას ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე, პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია წინასასამართლო განხილვა მურატ მეირბეკოვის წინააღმდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, რაც ადამიანებით ვაჭრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ყაზახეთის მოქალაქეს, მურატ მეირბეკოვს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 14 მაისს საღამოს იმსჯელა.
36 წლის კაცს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წაუყენა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მურატ მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ასსელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა მურატ მეირბეკოვისა, ასსელ აიტპაევას გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარდგენილი აქვს ბესიკ თორდუას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.
სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.
როდის მიმართავს და მიმართავს თუ არა საქართველო ყაზახეთს ბრალდებულის ექსტრადირების საკითხზე, ჯერჯერობით, უცნობია.