Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებული მეირბეკოვის ადვოკატი: მას ბრალი ჭორის საფუძველზე წარედგინა


26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული მურატ მეირბეკოვის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, გამოძიებამ ბრალი უსაფუძვლოდ წარუდგინა. ადვოკატი აცხადებს, რომ უსამართლო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 მაისის გადაწყვეტილებაც, როდესაც 36 მურატ მეირბეკოვს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა.

იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მურატ მეირბეკოვი ამჟამად ყაზახეთში იმყოფება და ის არ არის მიმალვაში:

„ეს პირი რომ მიმალვაში იყოს, ტელეფონსაც გათიშავდა და ვერავინ მიაგნებდა. ბრალდების მხარე მას დაუკავშირდა ბრალის წარდგენის წინა დღეს და მეორე დღეს მას უკვე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდეს. დღევანდელი პანდემიის პირობებში, ეს ადამიანი ფიზიკურად საქართველოში ასე მალე ვერ ჩამოვიდოდა, ამიტომ მისი საქართველოში არყოფნის საფუძველი რომ მიმალვად ჩათვალა სასამართლომ, ეს, რა თქმა უნდა, არ მიგვაჩნია სამართლიანად“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 მაისის გადაწყვეტილება მურატ მეირბეკოვის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მურატ მეირბეკოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს:

„პირადად მე ბრალდებულთან ჯერ არ მისაუბრია, მას დღეს უნდა დავუკავშირდე. მისი პოზიცია ვიცი, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების მხარემ ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თქვა. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს მურატ მეირბეკოვის დანაშაულის შესახებ, მას ბრალი ჭორის დონეზე, სრულიად უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ყაზახეთის მოქალაქეს, მურატ მეირბეკოვს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 14 მაისს საღამოს იმსჯელა.

36 წლის კაცს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წაუყენა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მურატ მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ასსელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა მურატ მეირბეკოვისა, ასსელ აიტპაევას გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარდგენილი აქვს ბესიკ თორდუას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, მან ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი გაუგზავნა მეგობარს ყაზახეთში. აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასსელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით. ასსელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან შეიტყვეს მათ ისიც, რომ ასსელი მათმა ნათესავმა მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა.

რაც შეეხება მურატ მეირბეკოვს, 10 მაისს მას რადიო თავისუფლება ყაზახეთში „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა. ის მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „მიმდინარეობს გამოძიება, არ მაქვს უფლება, გავახმაურო ეს ინფორმაცია. არ შემიძლია არაფრის თქმა, მიმართეთ პოლიციას“. ამის შემდეგ, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

როდის მიმართავს და მიმართავს თუ არა საქართველო ყაზახეთს ბრალდებულის ექსტრადირების საკითხზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე: ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?

XS
SM
MD
LG