Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბი-ბი-სი: დოკუმენტებით მტკიცდება ნავალნის დასკვნები „პუტინის სასახლეზე“


„პუტინის სასახლედ“ წოდებული გელენჯიკის კომპლექსის პირველი მფლობელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის ნაცნობი და კოოპერატივ „ოზეროს“ ყოფილი წევრი, ნიკოლაი შამალოვი, ხოლო კომპლექსი ნამდვილად პუტინისთვის აიგო. ამის შესახებ საუბარია რეზიდენციის პროექტის შესახებ არსებულ უამრავ დოკუმენტში, რომელიც ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს ჩაუვარდა ხელთ. პროექტთან კავშირის მქონე ადამიანები სწორედ შამალოვს ასახელებენ ფორმალურ მფლობელად მილიარდი რუბლად შეფასებული თითქმის დასრულებული რეზიდენციისა, რომელშიც მან მხოლოდ 4,9 მილიონი რუბლი მიიღო.

როგორც გამოძიების ავტორები წერენ, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ლაპარაკობენ „მშენებლობაში სახელმწიფოს გადამწყვეტი როლის შესახებ“, რითაც მთლიანობაში დასტურდება იანვრის თვეში ალექსეი ნავალნის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების დასკვნა, რომლის თანახმად გელენჯიკში მდებარე სასახლე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისათვის აშენდა.

19 იანვარს "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე "პუტინის სასახლის" შესახებ.

ერთი დღით ადრე, მოსკოვის ხიმკის რაიონის სასამართლომ გერმანიიდან რუსეთში ახლადდაბრუნებულ ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

"პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას.

ის, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო, 2010 წელს განაცხადა ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა.

თავად ვლადიმირ პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნის არაფერი იქიდან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.

XS
SM
MD
LG