პანდემიის გამო სახლებში გამოკეტილი ბავშვების მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, ამბობს ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი. მიზეზი რამდენიმეა, თუმცა ყველაზე დამანგრეველი ზემოქმედება, ფსიქოლოგის აზრით, ონლაინგაკვეთილებს აქვს.
რადიო თავისუფლება: რას გვიჩვენებს პანდემიის პირობებში ბავშვებზე დაკვირვება?
სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პრობლემებია. მე ძირითადად 10-18 წლის მოზარდებზე ვილაპარაკებ. ყველაზე მეტად გამოვყოფ ონლაინგაკვეთილებს. ონლაინ ადამიანს სრულად ვერ აღიქვამ, ვერ აღიქვამ მის მზერას, სხეულის ენას. იმისთვის, რომ zoom-ში მეორე ადამიანზე ინფორმაცია მოიპოვო, ხუთწუთიან საუბარშიც კი ტვინი ქარხანასავით მუშაობს.
რადიო თავისუფლება: ამას ბავშვი თავად თუ გრძნობს?
ვერა, სახელსაც ვერ არქმევს, მხოლოდ ხვდება, რომ იღლება. შეიძლება იფიქროს, გაკვეთილი რთული არ იყო, მასწავლებელი კარგად მექცეოდა, ბავშვებსაც არა უშავდათ... მაშინ რატომ ვარ ცუდად? იმიტომ, რომ იმაზე ბევრად მეტი ენერგია დახარჯა, ვიდრე რეალურ გარემოში დახარჯავდა.
ამას ემატება ისიც, რომ სასწავლო პროგრამები არათუ გაადვილდა, ზოგ შემთხვევაში გართულდა კიდეც. მშობლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ბავშვებს სახლში უფრო მეტი დრო აქვთ, ამიტომ შეუძლიათ ბევრი ისწავლონ. სკოლებიც მეტად ტვირთავენ, მაგრამ ეს აბსოლუტურად უშედეგოა, რადგანაც ასეთ სწავლებას რეალური ცოდნა არ მოაქვს.
რადიო თავისუფლება: გაკვეთილები ხომ არ არის ერთადერთ რამ, რის გამოც ბავშვები სკოლაში დადიან, თინეიჯერებისთვის მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობაც.
თინეიჯერობის ასაკში ბავშვებისთვის ბედნიერების წყარო არის კუთვნილების განცდა, ანუ შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ჯგუფს ეკუთვნის. ორი ადამიანი მაინც უნდა გყავდეს, რომელიც შენიანია, შენი „სასტავია“. ამ დროს ისინი ონლაინ არიან და გაკვეთილის პარალელურად იმავე მეგობრებს რაღაც ციფრულ თამაშს ეთამაშებიან, მაგრამ ამ თამაშებს სიახლოვის, თავგადასავლის განცდა არ მოაქვთ.
რადიო თავისუფლება: თან, ბავშვი ენერგიას ვერ ხარჯავს.
ეს თავისთავად არამხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის მავნე - მალე ყველა ბავშვს ხერხემალი და მხედველობა ექნება დაზიანებული. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა - ეს აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ბავშვს სჭირდება მოძრაობა იმისთვის, რომ ტვინმა გამოიმუშაოს ენდორფინი, რომელსაც ბედნიერების, კმაყოფილების შეგრძნება მოაქვს, სახლში გამოკეტვა კი მოძრაობის, სირბილის, ვარჯიშის საშუალებას აღარ იძლევა.
რადიო თავისუფლება: შეიძლება ამ ვითარებაში ისეც მოხდეს, რომ ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყოს და ეს ვერავინ შეამჩნიოს?
აბსოლუტურად! ადრე ფიზიკურ დაზიანებას მაინც დაინახავდა პედაგოგი, ახლა კი ამის საშუალებაც არა აქვს. მასწავლებელს არ შეუძლია, ონლაინ პირისპირ დარჩეს ბავშვთან და ყველა მათგანს დრო დაუთმოს.
რადიო თავისუფლება: პანდემიის დროს მომართვიანობა გაიზარდა? რას ამბობენ მშობლები?
კი, გაიზარდა. მშობლები ძალიან გაკვირვებულები არიან იმის გამო, რომ შვილები არიან უბედურები, არაფერი არ ეხალისებათ. ამბობენ, რომ უენერგიოდაა. სწავლობს, მაგრამ მარტო იმისთვის, რომ გაკვეთილი ჩააბაროს. წევს და არ დგება...
რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება?
ახლა მოდის გამოცდები. დაიწყება ღამის თევები, ალკოჰოლი, მარიხუანა... ყველაფერს ყლაპავენ, დედამიწის ზურგზე რისი გადაყლაპვაც შეიძლება, თუმცა, რა თქმა უნდა, მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილი ასე არ იქცევა. ეს იმიტომ ხდება, რომ სტრესს ვერ იხსნიან. მშობლებმა ბავშვებს უნდა მისცენ საშუალება, ცოტა მოეშვან. შეიძლება რაღაც გაკვეთილები გააცდენინონ კიდეც. არა უშავს, თუ გამოცდებზე ცოტა დაბალ ნიშნებს მიიღებენ.
ბავშვებისთვის კიდევ ერთი დატვირთვა არის ის, რომ არდადეგებზე სკოლები საზაფხულო პროგრამას აძლევენ. ხანდახან ამას თავად მშობლები ითხოვენ, რადგან კერძო სკოლებში დიდ ფულს იხდიან და მიაჩნიათ, რომ ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები უნდა იყვნენ. მაგალითების გამოყვანა კიდევ ჯანდაბას, შეიძლება, დღეში 20 წუთი დაუთმო და გამოიყვანო, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურასაც აძლევენ წასაკითხად. ეს არის არა არჩევანი, არამედ დავალება. ვერ წარმომიდგენია, მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა როგორ უნდა დაგავალონ. ეს არის სამყარო, რომელშიც უნდა შეხვიდე და წიგნის კითხვით სიამოვნება მიიღო. ასტრიდ ლინდგრენი ძალით როგორ უნდა წააკითხო ბავშვს?