ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ ვერ შეძლო სამთავრობო კოალიციის შექმნა. სამშაბათს ღამით პარტია „ლიკუდის“ ლიდერს ამოეწურა მთავრობის შექმნისთვის განკუთვნილი ვადა.
პრემიერმა ამის თაობაზე შეატყობინა ქვეყნის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს და მინისტრთა კაბინეტის შექმნის მანდატი კვლავ დაუბრუნა.
პრეზიდენტს შეუძლია მანდატი დაუბრუნოს ქნესეთს - ისრაელის პარლამენტს. ასეთ შემთხვევაში ქნესეთი დათხოვნილ იქნება და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ორი წლის განმავლობაში მეხუთედ. რივლინს ასევე შეუძლია, მანდატი გადასცეს ახალ კანდიდატურას. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მას 28 დღე მიეცემა.
ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს იაირ ლაპიდი, პარტია „ეშ ატიდის“ ხელმძღვანელი. ადრე ლაპიდი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკის, „კახოლ ლავანის“ ლიდერის, ბენი განცის თანამებრძოლი იყო. ნეთანიაჰუმ შეიძლება პრეზიდენტს რეკომენდაცია მისცეს, რომ მანდატი გადასცეს მემარჯვენე პოლიტიკოსსა და თავის ყოფილ თანაპარტიელს, ნაფტალი ბენეტს. უკანასკნელი არჩევნების წინ მან შექმნა საკუთარი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.
ისრაელში ორი წელია გრძელდება პოლიტიკური კრიზისი. ამ ხნის განმავლობაში ოთხჯერ გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. 2019 წლის აპრილსა და სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვერ მოხერხდა მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება.
ქნესეთის უკანასკნელი არჩევნები 2021 წლის მარტში გაიმართა ამომრჩეველთა სარეკორდოდ დაბალი აქტივობის ფონზე.