Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა თუ გადაიდო რუსეთის აგრესიის საფრთხე დონბასში?


23 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ იწყებს თავისი სამხედრო დანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებას მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ დასრულებულად გამოაცხადა მოულოდნელად დაწყებული ფართომასშტაბიანი მანევრები, რომელმაც რუსეთის თითქმის ყველა სამხედრო ოლქი მოიცვა, ანექსირებული ყირიმისა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჩათვლით.

გადმოწერა

უკან დარჩა ორკვირიანი მღელვარება, რომელიც მორიგი გარდაუვალი ფართომასშტაბინი სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში ლამის მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთის მეზობელ ევროპულ ქვეყნებს დაეუფლა.

მაგრამ ვითარების დეესკალაციას გრიგალის წინ დასადგურებულ სიმშვიდეს ადარებენ უკრაინაში, სადაც მოელიან, რომ რუსეთი შემდგომში კვლავაც მიმართავს „სამხედრო შანტაჟის“ ტაქტიკას თავისი სტრატეგიული ჩანაფიქრის მისაღწევად, რადგან „კოლექტიურ დასავლეთს“ არ გააჩნია რუსეთის მიმართ სტრატეგია.

„პირიქით, ეს მხოლოდ ესკალაციის დასაწყისია, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პუტინმა გადაწყვიტა სიტუაციის დეესკალაცია, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ბაიდენმა შესთავაზა შეხვედრა და რუსეთის ჯარები იწყებენ ყაზარმებში დაბრუნებას. მთავარი ისაა, რომ პუტინმა შეძლო მოხერხებულად გამოეყენებინა სამხედრო შანტაჟი, რასაც, სამწუხაროდ, დასავლეთი ვერავითარ სტრატეგიას ვერ უპირისპირებს“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ალბათობას ზრდის მოსკოვის მიერ დონბასელი სეპარატისტების უწყვეტი მხარდაჭერა, რასაც სულ უფრო ხშირად ახლავს რუსეთის ისტებლიშმენტის დაუფარავი მოწოდებები დონბასის რუსეთთან შეერთების თაობაზე.

შოიგუს ბრძანება და რეალური დეესკალაცია

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, წესით, 1 მაისამდე უნდა დასრულდეს კრემლის მიერ უკრაინის საზღვრის მახლობლად და ასევე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე აპრილის დასაწყისში გადასროლილი დამატებითი ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების პროცესი. კრემლი სამხედრო ძალების კონცენტრაციას სამხრეთის სამხედრო ოლქში და უკრაინის მიმართულებით საწვრთნელი მიზნებით ხსნის და უარყოფს რაიმენაირი აგრესიული ჩანაფიქრის არსებობას უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის საიმედო უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებში“, - განაცხადა შოიგუმ, რომელიც 22 აპრილს პირადად ჩაფრინდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც სამხედრო პოლიგონ „ოპუკზე“ რუსეთის სამხედრო ძალების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნა გაიმართა.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ კვირაში დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანევრებს უწოდებდა სწავლებას, რომლის მიზანი იყო არმიის საბრძოლო მზადყოფნის „საკონტროლო შემოწმება“. უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის ჩანაფიქრი შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი აგრესიისთვის მზადება.

მით უფრო, რომ ძალების კონცენტრაციას თან ახლდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში. უკრაინის დამცველებისა და რუსეთის ჰიბრიდული ძალების პოზიციური ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან ათზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა მიესალმება საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას.

რუსეთის გადაწყვეტილებას მიესალმა ნატო, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა კრემლს სამხედრო ძალების არაპროპორციულად გაზრდის გამო.

უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა „მნიშვნელოვანი“ გადაწყვეტილებაა, რომელიც მოსკოვს უფრო ადრე უნდა მიეღო.

„ნატო ინარჩუნებს სიფხიზლეს და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ გაზრდას უკრაინაში და მისი საზღვრის მახლობლად“, - განუცხადა რადიოსადგურ „ამერიკის ხმას“ ნატოს წარმომადგენელმა.

ისინი შეიძლება „ნებისმიერ მომენტში“ დაბრუნდნენ

მაგრამ დეესკალაციით გამოწვეულ ფრთხილ ოპტიმიზმს არ იზიარებენ თავად უკრაინაში, ქვეყანაში, რომელიც იარაღით ხელში მეშვიდე წელია იცავს თავის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მიერ თავსმოხვეულ მასშტაბურ ჰიბრიდულ ომში.

„პირიქით, ეს მხოლოდ ესკალაციის დასაწყისია, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პუტინმა გადაწყვიტა სიტუაციის დეესკალაცია, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ბაიდენმა შესთავაზა შეხვედრა და რუსეთის ჯარები იწყებენ ყაზარმებში დაბრუნებას. მთავარი ისაა, რომ პუტინმა შეძლო მოხერხებულად გამოეყენებინა სამხედრო შანტაჟი, რასაც, სამწუხაროდ, დასავლეთმა ვერავითარი სტრატეგია ვერ დაუპირისპირა. ევროკავშირში იყო დაბნეულობა და იყო მხოლოდ თხოვნა, რომ არ მომხდარიყო პროვოცირება. ნატომ უფრო სერიოზული რეაგირება მოახდინა, მაგრამ ძირითადად ცდილობდა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო. თუმცა არ ყოფილა შემოთავაზებული არავითარი სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ რა უნდა მოხდეს, თუ პუტინი შემდგომში კიდევ ერთხელ მიმართავს მსგავს სცენარს - სამხედრო შანტაჟს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც, ჩემი აზრით, პუტინი კვლავაც შეეცდება გამოიყენოს სამხედრო შანტაჟი მიზნების მისაღწევად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა, პროფესიული სინდიკატის, „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“, დირექტორის მოადგილემ.

კიევი 2014 წლიდან იბრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავის აპარატთან ერთად აქტიურად განიხილავს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას, 27 აპრილს უკრაინის არმიას მოუწოდა, საბრძოლო მზადყოფნაში დარჩეს, უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად. ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარები „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება დაბრუნდნენ.

უკრაინაში კარგად ესმით, რომ დასავლეთმა ვერ შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების სტრატეგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სურს აიცილოს თავის საზღვრებთან სამხედრო ესკალაცია რუსეთთან, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინა არ არის კოლექტიური დასავლეთის - ნატოსა და ევროკავშირის - წევრი. თუ უკრაინას, როგორც საქართველოს, დაპირება მაინც აქვს, რომ შესაბამისი სტანდარტების მიღწევის შემდეგ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჯერ ასეთი დათქმაც არ არსებობს. როგორც რუსული ესკალაციის „აპრილის კვირეულმა“ აჩვენა, დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში უკრაინას ძირითადად საკუთარი თავის იმედზე ყოფნა მოუწევს.

„უკრაინისათვის სიტუაცია, ერთი მხრივ, უფრო რთულიცაა და, მეორე მხრივ კი, უფრო იოლიც, რადგან უკრაინამ შეძლო საკუთარი სტრატეგიის შემუშავება. აქ არსებითად მშვიდად აღიქვეს ეს ვითარება, რადგან ომი ისედაც მიდის და თუ პუტინი განიზრახავს სამხედრო ძალის გაზრდას, ესე იგი იქნება ომიც და იქნება მსხვერპლი. მაგრამ, არსებითად, ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ რუსეთი აქვეა, რომ ის ყოველთვის ასეთი აგრესიულია და შესაძლოა, ამ ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდეს. ამიტომ უკრაინას აქვს სტრატეგია, რომლის თანახმად, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, გაძლიერდეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობა და, იმავდროულად, ალიანსში უნდა შევიდეთ მოკავშირეებთნ“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინის „წითელი ხაზი“

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვისა და ნდობის განმტკიცების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს დონბასის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა.

კრემლმა ორი დღე იფიქრა უკრაინელი ლიდერის შეთავაზებაზე და 22 აპრილს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში.

„რჩება შეკითხვა - რის განხილვა გვსურს ამ შეხვედრაზე? თუ საუბარი შეეხება დონბასის პრობლემას, მაშინ უკრაინის ხელისუფლება, პირველ ყოვლისა, უნდა შეხვდეს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს პრობლემები მესამე ქვეყნების, როგორიც რუსეთია, წარმომადგენლებთან“, - განაცხადა 22 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა.

მაგრამ უკრაინის ლიდერისთვის დონბასელ სეპარატისტებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა „წითელი ხაზია“. შესაბამისად, პუტინის შეთავაზების პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს „ტერორისტებთან“ მოლაპარაკებას.

თავს იჩენს მთავარი, ფუნდამენტური შეუთავსებლობა მოსკოვისა და კიევის პოზიციებს შორის. ვისაც კიევი „ტერორისტებად“ მიიჩნევს, მათ რუსეთი თვითგამორკვევისათვის მებრძოლებს უწოდეს და, შესაბამისად, დონბასელი სეპარატისტების ამ „თვითგამორკვევისათვის“ ბრძოლის სამხედრო, ფინანსურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ეწევა.

ამ საინფორმაციო-პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო 2021 წლის იანვრის ბოლოს დონბასში გამართული ფორუმი, რომელზეც კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, რუსეთის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დონბასის ანექსიისკენ მოუწოდა.

„დონბასელ ხალხს სურს იცხოვროს თავის სახლში და იყოს ჩვენი დიდი, გულუხვი რუსეთის ნაწილი. და ჩვენ ვალდებული ვართ, ეს უზრუნველვყოთ. დედა რუსეთო, წაიყვანე დონბასი სახლში“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა დონბასში გამართულ ფორუმზე, სახელწოდებით „რუსული დონბასი“, რომელიც ორგანიზებული იყო პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დონბასში ჩატარებული ანტიუკრაინული ფორუმი და მასში მონაწილე რუსეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება უკრაინაში შესვლა. მარგარიტა სიმონიანის განცხადების კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ დონბასის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ დგას რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგში არც პირდაპირ და არც ირიბად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG