Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: თანამდებობები “ქართული ოცნების” გუნდში არავის თვითმიზანი არ გახლავთ


"ჩვენი გუნდის სტანდარტი გახლავთ ის, რომ თანამდებობები არავის თვითმიზანი არ არის", - ეს არის კომენტარი, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა მას შემდეგ, რაც დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ პოზიციაზე თავისი გუნდის წევრი, კახა კუჭავა წარადგინა.

„თანამდებობები “ქართული ოცნების” გუნდში არავის თვითმიზანი არ გახლავთ. პირველი მე ნამდვილად არ ვარ, ვინც ეს დაამტკიცა და საზოგადოებას ნათლად აჩვენა, თუმცა ჩვენს ოპონენტებს ნუ ეგონებათ, რომ ჩვენ სადმე შორს მივდივართ. „ქართული ოცნება“ იქნება ძალიან ძლიერი ამ პარლამენტში, ძალიან მძიმე ოპონირებისთვის ჩვენ მზად ვართ აქ“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყების წინ, რომელსაც დღეს პირველად დაესწრებიან ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც "შარლ მიშელის დოკუმენტს" მოაწერეს ხელი და დაარღვიეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადებული ბოიკოტის რეჟიმი. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამიერიდან მისი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერში სწორად მოიქცა, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და საზოგადოება ამაში მალე დარწმუნდება.

"ადამიანები, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებული, რომლებსაც ცხოვრებაში არასოდეს არ ეთმობოდათ თანამდებობები და ამისთვის საზოგადოების ინტერესებსაც სწირავდნენ, რა თქმა უნდა, მათთვის გაუგებარი იქნება, რა გადაწყვეტილება მივიღე მე ან ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა წარსულში.

კახა კუჭავას წარმატებას ვუსურვებ, ის არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, არის მოტივირებული და ვფიქრობ, მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როცა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გველოდება პარლამენტში.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, საზოგადოება დარწმუნდება ამაში უახლოეს მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 24 აპრილს დატოვა.

XS
SM
MD
LG