Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძის თქმით, 27 აპრილს ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება


ბადრი ჯაფარძე
ბადრი ჯაფარძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ოპოზიციის ნაწილსა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი 27 აპრილს დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება.

„ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG