უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების დროში ცვლილება შევა. გამონაკლისის სახით სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.
"მათ შორის ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ 26 აპრილს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
დღესვე, 26 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მისვლა შეიზღუდება, 3-12 მაისის პერიოდში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.