მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძართან 25 აპრილს რამდენიმე კონფლიქტური ვითარება შეიქმნა. ტაძრის ეზოში დილიდან შეიკრიბნენ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მხარდამჭერები და მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები.
ვითარება პირველად დაიძაბა, როდესაც ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კაკუტია მივიდა, რომელსაც შეკრებილთა ნაწილი მიწების მითვისებაში და დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს. მორიგი კონფლიქტი კი მოყვა მეუფე სტეფანეს გამოჩენას, რომელსაც დაპირისპირებული სასულიერო პირები ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.
ჭყონდიდის ეპარქიაში 2019 წელს დაწყებული დაპირისპირება და დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან.
დაპირისპირებული სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მოითხოვდნენ დაამტკიცოს, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.
საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.