“ნამახვანჰესის" მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებამ უნდა დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიულ კომპანია, რომელიც შეისწავლის "კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას".
„საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს“ - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ტექსტში ვკითხულობთ, რომ:
- "კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება".
- „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს“.
- „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე".
- "საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“.
მთავრობა აცხადებს, რომ "კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში".
საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, "რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს".
რიონის ხეობის მცველები უკვე თითქმის ექვსი თვეა აპროტესტებენ რიონის ხეობაში დაგეგმილი 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის აშენებას, რადგან პროექტს სათანადოდ დასაბუთებულად არ მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ხეობას მნიშვნელოვანი ზიანს მოუტანს.
რიონის მცველებმა, რომლებსაც კარვები ამჟამად სოფელ გუმათში აქვთ გაშლილი და სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება არ ეძლევათ, 23 აპრილს ოთხი მთავარი მოთხოვნა გამოაქვეყნეს:
1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სოფელ გუმათიდან იტყობინება, რომ ამ წუთებში "რიონის ხეობის მცველები" მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შინაარსს განიხილავენ.