Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორებმა რიშმა, ჯონსონმა და შაჰინმა სენატს წარუდგინეს საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია


22 აპრილს სენატორებმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო), რონ ჯონსონმა (რესპუბლიკელი, ვისკონსინი) და ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) სენატს წარუდგინეს ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების სრულ განხორციელებას, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აშშ საქართველოს მხარს უჭერს დემოკრატიისკენ სვლაში, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმების თვალსაზრისით. სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაიწყოს თავისი მუშაობა. რეზოლუციას აქვეყნებს სენატის საგარეო კომიტეტის ვებსაიტი.

„საქართველოს მთავრობას და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება იქნებოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა არსებობს“ - აცხადებს რიში. „უწინაც ნათქვამი მაქვს, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო დააბრუნოს თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე, და ორივე მხარე შექებას იმსახურებს თავიანთი ლიდერობის და გაბედულების გამო, რადგან მათ ამ კომპრომისზე იმუშავეს საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ, მაგრამ გასაკეთებელი ბევრი რჩება, პოლიტიკური ნდობის აღსადგენად და ძლიერი და კეთილდღეობის მქონე საქართველოს მისაღწევად“.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პოლიტიკოსებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, კოლტროლს და გაწონასწორებას და პოლიტიკურ მონაწილეობას“ - ამბობს ჯონსონი და დასძენს: „მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთობლივად იმუშაონ აუცილებელი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სრულად დასანერგად, რაც უფრო უკეთ მომუშავე დემოკრატიას წაადგება“.

„სიამაყით ვუერთდები ჯონსონს და რიშს სენატისადმი მოწოდებაში, საქართველოში მიღწეული შეთანხმების სრულად დასანერგად პოლიტიკური ჩიხის დასრულების მიზნით. მსურს საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ რთული სამუშაო ახლა იწყება“ - ამბობს შაჰინი. „ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსადმი და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებისადმი, და ასევე ასახავს ჩვენს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად განახორციელებს ამ შეთანხმების პირობებს, რათა დემოკრატია უპირატესი აღმოჩნდეს. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს არსებულ მწვავე საკითხებზე, მათ შორის მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე და COVID-19-ის პანდემიაზე. ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედისწერას ფართო შედეგები აქვს დემოკრატიის მდგომარეობის თვალსაზრისით რეგიონში და მთელს მსოფლიოში, და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ მთავრობას და ხალხს, დინამიკური დემოკრატიის მშენებლობაში“

19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ისინი მოითხოვენ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. გირაოს გადახდისა და ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლების წინააღდეგ თავად ნიკა მელიამ 22 აპრილს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

XS
SM
MD
LG