Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ პოსტი დატოვა


მიხეილ აშვეთია
მიხეილ აშვეთია

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელსი დაწერა:

"დადგა ის მომენტი, დავტოვო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი. იყო ბევრი პრობლემა მოყოლებული გასული წლიდან. რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის. ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის "ტორპედოს", დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება. არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა. ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ. ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვრთნელს, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, თორემ ძალიან ძნელი იქნება," - წერს აშვეთია სოციალურ ქსელში.

მიხეილ აშვეთიან რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ 2 წლის მანძილზე, რაც ის მთავარი მწვრთნელია, კლუბში ერთი და იგივე პრობლემებია, ყოველ წელს ახალი მოთამაშეების შეკრება უწევს და სასურველ შედეგს გუნდი თამაშებზე ვერ აღწევს.

"თითქმის მესამე წელია, აირია ყველაფერი "ტორპედოში". მე გვერდში ვუდექი სულ, ჩემი მოვალეობა შევასრულე. იცით, რომ გუნდი გავარდნის საფრთხეში იყო, ყველაფერი ვიღონეთ, რომ ეს გუნდი გადარჩენილიყო. მთავარი მისია, ჩემი აზრით, შევასრულე ამ გუნდის მიმართ და თავაწეული მოვდივარ. ჩემი წასვლით შეიძლება უფრო უკეთესად შეხედოს პრეზიდენტმა, ხელმძღვანელობამ, რომ ასე გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ სულ ასეთ სიტუაციაში იქნება გუნდი. შეცდომას მეც ვიღებ ჩემს თავზე, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ ყველაფერი ეს პრობლემები ერთად იყრის თავს, რომელიც გუნდს აზიანებს. 2 წელია ერთსა და იმავე სიტუაციაში ვარ და ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ახლა ვარ ქუთაისის “ტორპედო”-ს ჩვეულებრივი გულშემატკივარი. გული დამწყდა რა თქმა უნდა, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და დავიღალე. შარშანდელიდან მოყოლებული ბოლო მომენტში გუნდის გაკეთება და ყველა დარტყმა ჩემზე მოდიოდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, იქნება რამე შეიცვალოს და დალაგდეს”.

"ტორპედოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, თორნიკე ღვინიანიძის თქმით, მთავარი მწვრთნელობიდან წასვლა, აშვეთიას პირადი გადაწყვეტილება იყო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია

"მთავარი პრობლემა რაც გუნდში იყო არის ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე შეიკრა გუნდი. ეს გახდა ფაქტორი იმისა, რა მდგომარეობაშია კლუბი. ძალიან მალე დაკომპლექტდა გუნდი და რთული იყო შეთამაშება. რამდენიმე თამაშის შემდეგ თავად ახსენებდა მიხეილი, რომ რთული იყო ასეთ მცირე დროში კარგი შედეგის მიღწევა. როდესაც შედეგს ითხოვს გულშემატკივარი, ამაზე პასუხისმგებელია მთავარი მწვრთნელი. მას დროულად არ ჰქონდა დრო და რესურსები," -განაცხადა ღვინიანიძემ.

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ჩემპიონატში, ქუთაისის „ტორპედომ“ თითქმის ყველა თამაში წააგო.

მიხეილ აშვეთია კლუბში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG