აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 36-დან 20 დეპუტატია დარჩენილი. მათი უმეტესობა გარდაიცვალა. უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 და 1992 წლებში ჩატარდა. ჯერჯერობით ბუნდოვანია, როდის მოხერხდება შემდეგი არჩევნების ჩატარება და რა ბედი ელის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დევნილობაში.
12 აპრილს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტუდენტურ პარლამენტს ხვდებოდნენ. შეხვედრას დისტანციურად შოთა ხეცურიანი, უმაღლესი საბჭოს 91 წლის დეპუტატი, უნდა დასწრებოდა. მოულოდნელად მან თავი შეუძლოდ იგრძნო.
„ვერ ჩაერთო, მიეძინა და ვეღარ გამოიღვიძა. ამბობდა ხოლმე, მამაჩემმა 100 წელს იცოცხლა, მეც არ ვიცოცხლებ ნაკლებსო. დარწმუნებული იყო, რომ დაბრუნდებოდა აფხაზეთში. მას აქ შვილი გარდაეცვალა, მეუღლე გარდაეცვალა. ფიქრობდა, რომ მათაც გადაასვენებდა“, - ჰყვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
30 წელი დეპუტატად
1994 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს „დროებით ევაკუირებული“ ორგანოს სტატუსი მიენიჭა. მას უნდა განეხორციელებინა უმაღლესი ორგანოს ფუნქცია ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
შესაძლებელია, შევარდნაძის მთავრობა ფიქრობდა კიდეც, რომ ოკუპირებული ტერიტორიის შემოერთება მომავალ არჩევნებამდე მოხერხდებოდა, მაგრამ... აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას დღემდე ის დეპუტატები წარმოადგენენ, რომლებიც მათ 1991 და 1992 წლებში აირჩიეს. 1995 წელს, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა უმაღლეს საბჭოდ 1991 წელს არჩეული ის დეპუტატები აღიარა, რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდნენ. ასეთი, მთლიანობაში, 26 დეპუტატი აღმოჩნდა - 24 ეთნიკურად ქართველი, ერთი ჩერქეზი და ერთიც უკრაინელი. პარლამენტისვე გადაწყვეტილებით,1995 წელს უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას, ე. წ. „კოოპტაციის“ წესით საქართველოს პარლამენტში 1992 წელს აფხაზეთიდან არჩეული 10 წევრი შეემატა.
ისეთი წევრი, რომელსაც მუშაობა არ შეუძლია, არ გვყავს, მიუხედავად რამდენიმე დეპუტატის სოლიდური ასაკისა. მეც არ ვარ პატარა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. თუმცა დღეს შეიძლება ასე იყოს და ხვალ სხვანაირად იქნება.ჯემალ გამახარია
მომდევნო წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა აღარ შევსებულა. იმის გამო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნები ვერ ტარდება, ვერ ხდება დეპუტატების განახლებაც.
დეპუტატების ასაკის მატებასთან ერთად უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა ნელ-ნელა მცირდება.
30 წლის განმავლობაში 15 დეპუტატი გარდაიცვალა. ერთს, ეთერ ასტემიროვას, უფლებამოსილება შეუწყდა 2003 წელს, როდესაც ის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დაინიშნა. დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 20 დეპუტატია დარჩენილი.
დევნილი უმაღლესი საბჭოს ამბები აღწერილია კვლევაში „აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამთავრობო სტრუქტურები თბილისში“, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა.
„იმის გამო, რომ ტერიტორიის გარეშეა, შეუძლებელია ამ ორგანოს რამე ქმედითი ფუნქცია ჰქონდეს. დროთა განმავლობაში საბჭო დეპუტატებისგან მთლიანად დაიცლება, რადგან ბუნების კანონია, რომ ადამიანები კვდებიან. ამიტომ საჭიროა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამ ორგანოს მომავალი“, - ამბობს კვლევის ავტორი თორნიკე ზურაბაშვილი.
მკვლევარი განმარტავს, რომ თეორიულად არსებობს რამდენიმე მოდელი, თუმცა არც ერთი არ არის უნაკლო. მაგალითად, შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარება დევნილებში და ახალი დეპუტატების არჩევაც, თუმცა ამ შემთხვევაში ახლად არჩეულ საბჭოს არ ექნება ლეგიტიმურობის ის ხარისხი, რომელიც ახლა არსებულ საბჭოს აქვს.
ასევე შესაძლებელია ახლანდელ დეპუტატებს საპატიო სტატუსი მიენიჭოთ, ახლები კი პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნონ. დაბოლოს, შესაძლოა აფხაზეთის სტრუქტურების საერთოდ გაუქმებაც, თუმცა ეს ცენტრალური ხელისუფლების მიდგომის რადიკალურ ცვლილებებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს.
რას აკეთებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო?
აფხაზეთის მთავრობისთვის არასდროს მიუმართავს გიორგი ბაღიშვილს, რომელიც 5 წლის ასაკში გახდა დევნილი. ფიქრობს, რომ მიმართვას შედეგი მაინც არ ექნება.
„ჩემზე გაჭირვებულები არიან და იმათ ვერ ეხმარებიან. ერთჯერადად თუ მისცემენ ვინმეს რამეს, მაგალითად, ომის ვეტერანებს. 30 წელია, ერთი და იგივე ხალხია და მაგათია ეგ მთავრობა“, - ამბობს ის.
„რეალურად არც აფხაზეთის მთავრობა და არც უმაღლესი საბჭო ქმედითი ორგანო არ არის. ბევრი ლაპარაკია, რომ აქ არის ნეპოტიზმი. სადაც არ არსებობს მექანიზმი, რომ არჩევნების გზით მოხდეს მთავრობის ფორმირება, ყოველთვის იქნება სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენების ალბათობა. გარდა ამისა, რამდენად აქვს კავშირი აფხაზეთთან? განათლების რესურსცენტრს, რომელიც გალის რაიონს მოიცავს, მეტ-ნაკლებად აქვს, ასევე ჯანდვაცის საინისტროსაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამას თავისუფლად შეითავსებდა რომელიმე თემატური სტრუქტურა“, - ამბობს თორნიკე ზურაბაშვილი.
აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარზე მეტია, უშუალოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის - 3 მილიონი, დეპუტატების ხელფასი კი, დაახლოებით, 3 500 ლარს უტოლდება.
„მეტი ნაწილი ჩვენი შემოსავლებია, იგივე ენგურჰესის შემოსავალი, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში შემოდის. უამრავი ორგანიზაციაა დევნილების მიერ დაარსებული. ჩვენ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილებია, რომლებიც გადასახადებს ჩვენთან იხდიან... ჩვენ არა ვართ პირველები, ვისაც დევნილობაში უწევს მოღვაწეობა და თან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ ამით არავინაა ბედნიერი“, - ამბობს ჯემალ გამახარია.
მისი განმარტებით, აფხაზეთის დეპუტატების ყოველდღიური საქმიანობაა პლენარული სხდომების გამართვა, დევნილებთან შეხვედრა, აფხაზეთიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და კანონპროექტებზე მუშაობა.
„წელს ერთი კანონპროექტი უკვე წარვადგინეთ, მეორეს ახლა წარვადგენთ. ამის გარდა, ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტში, ჩვენთანაც მოდის და ჩვენ შესაბამის დასკვნებს ვაგზავნით. მაგალითად, ენგურზე კარანტინი რომ მოხსნილიყო, ამისთვის არაერთი წერილით მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას… ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამდენი ხანი ვართ დეპუტატები, ვღებულობთ ხელფასებს, ამიტომ ყოველდღე დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ“, - ამბობს ჯემალ გამახარია.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ირწმუნებიან, რომ დევნილებთან შესახვედრად ხშირად ჩადიან რეგიონებში, მიაქვთ ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დევნილი მოსახლეობა შეხვედრებზე ხშირად ისეთი პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რომლებიც მათ კომპეტენციაში არ შედის.
ლეგიტიმური სტრუქტურა თუ მეხუთე ბორბალი
რა ხდება მაშინ, როდესაც დეპუტატს ასაკის გამო მუშაობა აღარ შეუძლია?
„ჩვენ ჯერ ასეთი რამ არ გვქონია. ყველაზე უფროსი იყო ბატონი შოთა და ძალიან აქტიური იყო. ისეთი წევრი, რომელსაც მუშაობა არ შეუძლია, არ გვყავს, მიუხედავად რამდენიმე დეპუტატის სოლიდური ასაკისა. მეც არ ვარ პატარა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. თუმცა დღეს შეიძლება ასე იყოს და ხვალ სხვანაირად იქნება. რასაკვირველია, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ - შედარებით ახალგაზრდები რომ ვიყავით, იმ დროიდან. გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელსაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვიხილავთ - სანამ უმაღლესი საბჭო გახდება შრომისუუნარო, მანამდე რა უნდა გავაკეთოთ და რით უნდა ჩავანაცვლოთ, მაგრამ უმაღლესი საბჭო სხვა უმაღლესი საბჭოთი არ ჩანაცვლდება. ის დაასრულებს თავის არსებობას“, - ამბობს ჯემალ გამახარია.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ დევნილი დეპუტატებისთვის მანდატის გახანგრძლივება აპრობირებული პრაქტიკაა. მაგალითად, იგივე გააკეთეს კვიპროსის კონფლიქტის შემთხვევაში. მას კითხვები არა დეპუტატებთან, არამედ უშუალოდ აფხაზეთის მთავრობასთან აქვს.
„ეს სტრუქტურა [უმაღლესი საბჭო] არაფერს წყვეტს. არც არაფერს აკეთებს და არც არაფერს აფუჭებს - როგორც მეხუთე ბორბალი, ისეა. მხოლოდ პოლიტიკური სიმბოლოა და მისი გაუქმებით არაფერი შეიცვლება. თუ რამე არ მომწონს ამ სტრუქტურებში, აფხაზეთის მთავრობაში, ისაა, რომ უაღრესად დიდი ფული მიდის იქ, ძალიან გაბერილი შტატები აქვთ.
იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს თითოეული მათგანი, მაგრამ მათ ჰყავთ მთავრობა, რაც აბსოლუტური უაზრობაა. რაში სჭირდებათ მთავრობა? ჰყავთ ფეხბურთის გუნდი, სიმღერის და ცეკვის ანსამბლები... ზედმეტია ეს ყველაფერი. სამინისტროებია აფხაზეთის მთავრობაში, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო. შეუერთონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ან, თუნდაც, კონფლიქტების მოგვარების სამინისტრო! სასაცილოა პირდაპირ, როგორ აგვარებენ კონფლიქტებს, როცა ცენტრალურ დონეზე არსებობს შერიგების სამინისტრო და ისიც კი არ ვიცით, რას აკეთებს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭო, როგორც სიმბოლო, შეიძლება დარჩეს, მაგრამ მთავრობა სხვა ფორმით უნდა არსებობდეს. თორნიკე ზურაბაშვილი კი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ რაც დრო გადის, მით უფრო აუცილებელი ხდება დაიწყოს მსჯელობა აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების სამომავლო ფორმასთან დაკავშირებით.