4 წლის შემდეგ საქართველოდან აზერბაიჯანში გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ადასტურებენ საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში.
როგორც მისი უფლებადამცველი ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" აღნიშნავს, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც.
აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის (სსკ 143-ე მუხლის პირველი ნაწილი) მუხლის ნაცვლად წინასწარი შეცნობით თავისუფლების აღკვეთის კვალიფიკაციით (143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნტქი) გაგრძელდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ქვეყნიდან გაუჩინარების შემდეგ საქართველოში 2021 წლის 8 აპრილს დაბრუნდა. ის პროკურატურამ მეორე დღესვე დაიბარა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.