Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი: დღეს იწყება მძიმე შრომა, რომელიც საქართველოს წინ წასწევს ევროატლანტიკურ გზაზე


შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ეხმაურება პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ახლა გამოწვევა მიღწევის შესრულებაა.

„სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისის გამოსავალზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე შრომა, რომელიც წინ წასწევს საქართველოს ევროატლანტიკური გზაზე. ეს მიღწევა შენია. ახლა გამოწვევაა ამ მიღწევის შესრულება“, - წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია და ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა 19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ:

„სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვდივარ საქართველოში ყველა თქვენგანთან შესახვედრად, აგრეთვე იმისთვის, რომ გამოვხატო ნდობა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან ხვალინდელ შეხვედრას. გმადლობთ და საუკეთესოს გისურვებთ“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.

XS
SM
MD
LG