Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს


სალომე ზურაბიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი
სალომე ზურაბიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მან საუბრისას ასევე გაუსვა ხაზი უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს. ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ ზუსტდება.

საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. იგი აღნიშნავს, რომ დროა საქართველომ და უკრაინამ კონკრეტული წინადადებები მიიღონ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე:

"მე სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმისა და ევოკავშირში გაწევრიანების გეგმის კონკრეტული შეთავაზებების დროა. ძალისხმევის გაერთიანებას და სოლიდარობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. უკრაინა და საქართველო განიცადეთ ისტორიული ურთიერთგაგება და მხარი დაუჭირეთ მშვიდობას", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ დღეებში დაიწყო და მანევრებს უწოდებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის საკონტროლო შემოწმებას. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც ორ კვირაში უნდა დასრულდეს, არის პასუხი ნატოსგან მომდინარე საფრთხეებზე.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG