Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრები შეთანხმდნენ, 1 მაისიდან დაიწყონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა


ოთხშაბათს ნატოს წევრები შეთანხმდნენ, 1 მაისიდან დაიწყონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ ის თავის ჯარებს 11 სექტემბრამდე გაიყვანს ავღანეთიდან.

„ჯარების რიცხვის შემცირება იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ გამიზნული“, ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ჯარების გაყვანას რამდენიმე თვე დასჭირდება.

დღესვე ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები „ერთად შევიდნენ ავღანეთში, ერთად დაიკავეს პოზიციები და თანხმდებიან, რომ ერთად დატოვონ ის.“ მისი თქმით, „ეს არ იქნება იოლი ამოცანა და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან.“

ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოაცხადა, რომ აშშ-ის 2500-კაციანი კონტინგენტი 11 სექტემბრისთვის, ამერიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების 20 წლისთავისთვის დაასრულებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას.

აშშ-ის გარდა ავღანეთში ჯარები ჰყავს ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ 35 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. მოკავშირეთა ჯარების საერთო რაოდენობა ამ მომენტისთვის 9600 სამხედროს შეადგენს.

აშშ-ის წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯარები 2021 წლის 1 მაისამდე გამოეყვანა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ავღანეთის მომავალი უპირველეს ყოვლისა ავღანელი ხალხის ხელშია, რომელსაც ეკუთვნის ის.“

სტოლტენბერგმაც, ბლინკენმაც და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც თავიანთ გამოსვლებში გააფრთხილეს თალიბანი, რომ ავღანეთიდან მოკავშირეთა ჯარების გასვლის პროცესში აშშ-ის სამხედროებსა და მათ მოკავშირეებზე თავდასხმების შემთხვევაში „მძლავრ პასუხს“ გასცემენ მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG