Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯავახეთიდან თბილისში დააბრუნეს COVID - 19-ის ვაქცინის 290 დოზა


ახალქალაქში შეტანილი AstraZeneca-ს 300 დოზიდან, კლინიკის ადმინისტრაციამ 290 უკან, თბილისში დააბრუნა. ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, ვაქცინას ვადა გასდიოდა, აცრის მსურველი კი არ ჩანდა.

სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ფლაკონი AstraZeneca ინახება, რომელსაც ვადა მაისში გასდის. მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველი არც კლინიკის თანამშრომლებს შორის გამოჩნდა და არც 55 წლის ზემოთ მოქალაქეებში.

„ჯერჯერობით ვაქცინის მსურველი არავინაა. 300 დოზა იყო, მაგრამ ვადა ჰქონდა მაისამდე. ამის გამო 10 დოზა დავტოვე, დანარჩენი დავაბრუნე სამინისტროში, რომ გადანაწილდეს სხვა კლინიკებში. ძვირია და ცოდოა, რომ გაფუჭდეს. თუ საჭირო იქნება, ახალ პარტიას მივიღებთ“, - გვითხრა ალექსანდრე თოროიანმა.

ახალქალაქის ჰოსპიტალის 160 თანამშრომლიდან ვაქცინირებული არცერთია. მენეჯერის თქმით, სამედიცინო პერსონალს Pfizer-ით ვაქცინაცია სურს, AstraZeneca-ს მიმართ უნდობლობა კი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ გამოიწვია.


„ახალციხის შემთხვევა (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება) ძალიან ნეგატიურად აისახა ამ პროცესზე. მე ვიცი ჩემი თანამშრომლები, რომლებიც აპირებენ თბილისში წასვლას და Pfizer-ის ვაქცინის გაკეთებას. რას არ წერენ AstraZeneca ვაქცინაზე, კამპანია არის დაწყებული. ეს არის მთავარი მიზეზი. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დამარცხეს პანდემია. კოვიდის შემთხვევებმა იმატა და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უკვე დაიწყონ აცრა“.

სამცხე-ჯავახეთში 1 400 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა 15 მარტს შემოვიდა. ამ დრომდე აცრილია კლინიკა „იმედის" 20 და ბორჯომის კლინიკის 6 თანამშრომელი. რეგიონში 18 მარტის შემდეგ არავინ აცრილა, მას შემდეგ, რაც მეგი ბაქრაძე აიცრა.

XS
SM
MD
LG