ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს ცოლ-ქმარი, 38 წლის მაყვალა გამისონია და 47 წლის ელგუჯა გვილავა, რომლებიც მდინარე ენგურის გადალახვით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლისას დაიღუპნენ. ისინი სოფელ წარჩეს მცხოვრებნი იყვნენ.
გარდაცვლილები ენგურის ხიდამდე მიაცილეს ზუგდიდში მცხოვრებმა ნათესავებმა, აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ენგურზე მომხდარ ტრაგედიას დავით ფაცაციამ რუსული ოკუპაციის შედეგი უწოდა. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებთა მოთხოვნის გათვალისწინებას და ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადამსვლელთათვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას, ფაცაციამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
მაყვალა გამისონიასა და ელგუჯა გვილავასთან ერთად, ენგურის გადალახვისას დაიღუპა მათი თანასოფლელი, 30 წლის თამუნა ცატავა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრები, 62 წლის თამაზ ბასლანძე. მათი ცხედრები ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აპრილს გადაასვენეს.
ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედრები მაშველებმა 7 აპრილს იპოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან. აფხაზეთის მცხოვრებნი მდინარის გადალახვით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან მალულად ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია. ამასთან, აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში ენგურის ხიდის გავლით ჩასული მოქალაქეები 5 დღით კარანტინში გადაჰყავთ.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. ნაწილი ამას ცდილობს კარანტინის თავიდან ასაცილებლადაც.
ოკუპირებული აფხაზეთის 4 მცხოვრების ტრაგიკულად დაღუპვის გამო, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.