Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შესაძლოა უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო გემები გაგზავნოს შავ ზღვაში


აშშ-ი განიხილავს შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით

პენტაგონის წარმომადგენელმა ტელეარხთან საუბარში დააზუსტა, რომ შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე იმყოფება. ხოლო დამატებითი გემების განთავსება, მისი სიტყვებით, რუსეთისთვის იქნება განსაკუთრებული სიგნალი იმის საჩვენებლად, რომ აშშ-ი ყურადღებით აკვიდრება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

CNN-ის საიტი წერს, რომ 1936 წლის კონვენციის თანახმად, ვაშინგტონი ვალდებულია ორი კვირით ადრე აცნობოს თურქეთს თავისი გემების გავლის შესახებ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. ამასთან არაშავიზღვისპირა სახელმწიფო სამხედრო გემების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას. ტელეარხისათვის უცნობია, გაეგზავნა თუ არა შეტყობინება ანკარას.

პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ი განაგრძობს სადაზვერვო დანიშნულების ფრენას საერთაშორისო სივრცეში და დააკვირდება რუსეთის შავი ფლოტისა და რუსეთის სახმელეთო ჯარების მოქმედებებს ანექსირებულ ყირიმში. ამასთან ვაშინგტონი არ განიხილავს რუსეთის ჯარების განლაგებას უკრიანის საზღვრის მახლობლად, როგორც თავდასხმისთვის მზადყოფნას.

უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კერძოდ, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში“ უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო.

2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.

XS
SM
MD
LG