Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 8 აპრილს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მანამდე ეს მზადყოფნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა, ცვლილებების ნაჩქარევად შეტანასთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკის პასუხად. პოსტში პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებაში ვენეციის კომისიის 3 რეკომენდაცია აისახა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, პარლამენტი მზადაა მხედველობაში მიიღოს პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მივიღეთ, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს. ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:

1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;

2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;

3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით“, - აღნიშნავდა არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად (86 ხმით) მიიღო 1 აპრილს.

საკანონმდებლო ცვლილებებს 7 აპრილს ევროკავშირი გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ იმედგაცრუებას იწვევს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღება ნაჩქარევად, კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე.

„დასანანია, რომ საქართველომ ეს კანონმდებლობა წინათ უკვე შეცვალა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროული განაცხადის გაკეთების ან მისი საბოლოო აზრისთვის დაცდის გარეშე.

ამიტომ ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის პირობა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფისთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG