Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი განცხადება


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება:

„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანახმად, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

„ამასთან ერთად, მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“.

საპარლამენტო კომიტეტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. საპასუხოდ, კრემლში აცხადებენ, რომ სამხედროების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა და არავის უნდა აშფოთებდეს. რუსეთმა უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა „ისტერიკამდე მისულ რუსოფობიაში“.

საქართველოს პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიიღო პარლამენტმა რეზოლუცია და რატომ არ გამოხმაურებია უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მთავრობა.

სამხრაძის თქმით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება თავისთავად მაღალი დონის განცხადებაა, სამთავრობო დონეზე კი, საუბარი ჰქონდათ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციას უფრო ხანგრძლივი პროცედურა სჭირდება: „აქედან გამომდინარე, მე მქონდა გუშინ საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მივიღე მისგან, პირველი წყაროდან ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინის საზღვრებთან, ყირიმში და რუსეთის მხრიდან რა დესტრუქციული ნაბიჯები იდგმება. შევთავაზე მას, რომ გვინდოდა მხარდამჭერი განცხადების გაკეთება და მან თქვა, რომ რაც მალე გაკეთდებოდა უკეთესი იქნებოდა. ამიტომ, შევჯერდით იმაზე, რომ კომიტეტის განცხადება იქნებოდა ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი და სწორი“.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, არ დააკნინებდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკას გეგმავს და წარმართავს საქართველოს პარლამენტი.

XS
SM
MD
LG