Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმართება ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში. 2021 წ. 7 აპრილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში. 2021 წ. 7 აპრილი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის წინ პუტინმა მადლობა გადაუხადა ფაშინანს, რომ დათანხმდა მოსკოვში მიწვევას, ვინაიდან, მისი თქმით, მხარეებს ბევრი რამ აქვთ მოსალაპარაკებელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ვითარების ნორმალიზების შესახებ.

პუტინმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთსა და სომხეთს შორის არსებულ „სტრატეგიული ხასიათის“ ურთიერთობებს.

„არ ჩამოვთვლი ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რომლებზეც ვთანამშრომლობთ. მაგრამ ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთის ეკონომიკაში ყველა კაპიტალდაბანდების 40 პროცენტი რუსული წარმომავლობისაა,“ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავე დროს მან თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ზიანი მიაყენა ამ კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ „უახლოეს დროში შევძლებთ არა მხოლოდ აღვადგინოთ ეს მოცულობა, არამედ გავაგრძელოთ წინ მოძრაობა.“

„რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენას, რათა სომხეთმა ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიიღოს,“ დასძინა პუტინმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც ნაყოფიერად განაგრძობენ თანამშრომლობას.

ფაშინიანმა ილაპარაკა რეგიონში რუსეთის სამშვიდობო მისიის მნიშვნელობაზე.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება და იმედი მაქვს, დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრო თქვენს შეხედულებებზე უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურის შესახებ ჩვენს რეგიონში - მთიან ყარაბაღში, მის გარშემო, სომხეთში და, საერთოდ, მთელს ჩვენს რეგიონში“, თქვა სომხეთის პრემიერ-მინსტრმა.

ფაშიანიანმა ხაზგასმით აღნიშნა პუტინის „პირადი წვლილი“ რეგიონის სტაბილიზაციაში, „განსაკუთრებით ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თქვენთან ერთად განცხადების ხელმოწერის შემდეგ“.

ფაშინიანმა წამოჭრა სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულთა საკითხი, რაც ჯერ არ არის მოგვარებული და შეეხო მთიანი ყარაბაღის პრობლემას.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვილაპარაკოთ ჩვენს თვალსაზრისებზე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების თაობაზე, ვინაიდან, სამწუხაროდ, პრობლემა არ არის გადაჭრილი და ამ საკითხზეც უნდა ვისაუბროთ, ვნახოთ, რა მოსაზრებები გვაქვს მომავლის შესახებ,“ თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაშინიანმა თქვა, რომ ის აპირებს პუტინს მოელაპარაკოს სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობებზე.

პანდემიასთან დაკავშირებით ფაშინიანმა თქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიიღოს საკმარისი რაოდენობით რუსული წარმოების ვაქცინა, რომლის პირველ პარტიას ქვეყანაში ხვალ ჩაიტანენ.

XS
SM
MD
LG