საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს) რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა მდინარე ენგურის გადაცურვისას, ოკუპირებული გალის რაინის სამი მცხოვრების დაღუპვის გამო.
სუს-ის ინფორმაციით, „საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა“.
სუს-ის თანახმად, „აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა: „ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“.
სუს-ის ცნობით, მომხდარი ფაქტის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით, ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში.
დღეს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან ამოიტანეს სამი მოქალაქის ცხედარი. სავარაუდოდ, დაკარგულია კიდევ ერთი. შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს ესაზღვრება.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.