საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე არსებული ყველა მოსაზრება კვლავაც მოსაზრების დონეზე რჩება მანამ, სანამ სამხარაულის ბიუროს დასკვნა დაიდება. „ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
„რეგულირებას აქვს მოკვლევა ჩატარებული. ექსპერტიზას გაივლის სამხარაულის დასკვნასთან ერთად, რადგან რეგულირება აკეთებს დოკუმენტური ფაქტების მიმოხილვას. მაგრამ დოკუმენტური ფაქტები ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა ჩამოყალიბდეს. დეტალებს ვერ გეტყვით, რეგულირება ჩვენც გვიზიარებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დასრულდება მოკვლევა და ყველა მხარე წარმოადგენს თავის დასკვნას. ამდენად, როგორც კი იქნება, რა თქმა უნდა, ეს საქმე ყველასთვის მნიშვნელოვანია და გაზიარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.